ხელფასების საშუალოდ 25%-იანი მატების დაპირების მიღების შემდეგ ჭიათურაში გაფიცული 3000-ზე მეტი დასაქმებული სამუშაოს უბრუნდება — კვირა საღამოდან ყველა ობიექტზე სამუშაოები აღდგა.
გაფიცვა და მოთხოვნები
23 აპრილის დილიდან ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებული ყველა ობიექტი გაჩერებული იყო მუშების გაფიცვის გამო. გაფიცულები ხელფასების საშუალოდ 50%-ით ზრდას ითხოვდნენ, რაზეც დამსაქმებელი კომპანია არ თანხმდებოდა.
გაფიცულები ჭიათურის მერიის შენობასთან იყვნენ შეკრებილი და მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. ხელფასების ზრდასთან ერთად, გაფიცულთა ნაწილი მიუთითებდა ქალაქის ეკოლოგიურ პრობლემებზე და კომპანიასა და სახელმწიფოს ამ პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებდა.
„რომელიმე პარლამენტარი და მთავრობის წევრი თუ იცხოვრებს მაგ ხელფასით, შემიძლია თამამად გავუცვალო და ჩემი 2-ოთახიანი ბინა დავუთმო. ამ სიბინძურეში თუ იცხოვრებს, რაშიც ჭიათურლები ვცხოვრობთ. ეს პრობლემები წლების მანძილზე იმალება. მობრძანდით, ბატონო, და შეამოწმეთ, იქნება ვიტყუები ამხელა კაცი“, – ამბობდა მიხეილ იმედაძე, გაფიცული მეშახტე, „ფორმულასთან“ საუბარში.
დამსაქმებელმა კომპანიამ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ მზად იყო, მიეღო „უპრეცედენტო გადაწყვეტილება“ და თითოეული მუშა-მოსამსახურისათვის ანაზღაურება 250 ლარით გაეზარდა. ეს, საშუალოდ, 25%-იანი ზრდა იყო, იმის ნახევარი, რასაც დასაქმებულები ითხოვდნენ.
გაფიცვის პარალელურად, დასაქმებულები და კომპანია, სახელმწიფოსა და პროფკავშირების ჩართულობით, მედიაციის პროცესში ჩაერთვნენ. პროფკავშირების თანახმად, მიმდინარეობდა მედიაციის ორი პროცესი.
„ჯი ემ ტექნიკის“ თანამშრომლები
პირველ მედიაციაში ჩართული იყო 400-მდე ადამიანი — „ჯი ემ ტექნიკის“ სერვისის („ატეკის“) თანამშრომლები.
„ჯი ემ ტექნიკა“ ოპერირებს მძიმე ტექნიკის ავტოფარეხს. იქ დასაქმებულები არიან მძიმე ტექნიკის მძღოლები, მემანქანეები, ტრაქტორების გადამტვირთავები, შიდა რკინიგზის თანამშრომლები, მათი ზეინკლები, ელექტრიკოსები და ა.შ. — ისინი, ვინც სჭირდება მანგანუმის გადაზიდვის ტექნიკურ მომსახურებას.
25 აპრილს „ჯორჯიანმ მანგანეზმა“ განაცხადა, რომ გაფიცული მაღაროელების ეს ნაწილი — „ჯი ემ ტექნიკა“ სერვისის (ატეკას) თანამშრომლები — სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებოდნენ, რადგან მათთან შეთანხმებას მიაღწიეს.
პროფკავშირების ცნობით, „ატეკის“ თანამშრომლებთან კომპანიამ უკვე გააფორმა ახალი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში პირველი მაისიდან შევა და გაზრდილ ანაზღაურებას ითვალისწინებს.
რა ელით მაღაროელებს?
„ატეკის“ თანამშრომლების გარდა, გაფიცულები იყვნენ უშუალოდ მაღაროებში დასაქმებული ადამიანები — პროფკავშირების თანახმად, 3000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი.
მათ შორის, პროფკავშირების თანახმადვე, არიან გვირაბგამყვანები, გვირაბის ამფეთქებლები, მადნის გამამდიდრებელი ქარხნის თანამშრომლები, ყველა სამშნებლო და სარემონტო ობიექტის თანამშრომლები, სიგნალისტები და ყველა დანარჩენი ადამიანი, ვინც კომპანიის ოპერირებისთვისაა საჭირო.
კომპანია 25 აპრილის განცხადებაში წერს, რომ „დანარჩენ გაფიცულებთან [3000-ზე მეტ ადამიანთან] პროფკავშირების ჩართულობით გრძელდება მოლაპარაკებები“ და „კომპანია იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება“.
26 აპრილს „ნეტგაზეთს“ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა, რომ „პროფკავშირები და კომპანია აგრძელებენ მოლაპარაკებებს და უახლოეს საათებში ან ხვალ, სავარაუდოდ, დაიდება შეთანხმება, გარდა ხელფასების 250 ლარის მატებისა, სხვა სოციალური ბენეფიტების გათვალისწინებით“.
თამაზ დოლაბერიძის თანახმადვე, დასაქმებულებმა გაფიცვა კანონის სრული დაცვით დაიწყეს, რასაც ადასტურებს გარემოება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დანიშნული ჰყავდა მედიატორი და პროცესში პროფკავშირიც ოფიციალურად იყო ჩართული.
პირობები – კომპანიის თანახმად
„ჯორჯიან მანგანეზი“ 25 აპრილის განცხადებაში მიუთითებს, რომ ის ხელშეკრულება, რაც მან და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა პირველი მაისიდან შესთავაზეს დასაქმებულებს, ითვალისწინებს:
- მუშა-მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურების 250 ლარით მატებას;
- ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიას 250 ლარის ოდენობით.
კომპანიის თანახმადვე, „ახალი ხელშეკრულებით დასაქმებულის მომატებული ანაზღაურება წელიწადში, ჯამში, შეადგენს 3 250 ლარს“.
GM-ის განცხადებითვე, მაისიდან ანაზღაურებას დაემატება „ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2 პროცენტით მატებას“.
კომპანიის შესახებ
მანგანუმის მოპოვებას ჭიათურაში თითქმის 150-წლიანი ისტორია აქვს — მადნის მოპოვება ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან, 1879 წლიდან დაიწყო (რასაც ქალაქის გაშენება მოჰყვა), გაგრძელდა დამოუკიდებლობის 3-წლიან პერიოდსა და საბჭოთა ხელისუფლების პირობებში და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კერძო ინვესტორის ხელში გადავიდა.
ბოლო წლების განმავლობაში საწარმოს ფლობს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც თავის მხრივ ამერიკაში დარეგისტრირებულ „ჯორჯიან ემერიქან ელოიზს“ ეკუთვნის. სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებით, „მშობელი“ კომპანია და GM-ის მენეჯმენტი მმართველობას ფაქტობრივად ჩამოშორებულია და კომპანიას სახელმწიფო მმართველი ჰყავს დანიშნული.
ეს გადაწყვეტილება სასამართლომ გარემოს დაცვის სამინისტროს საჩივრის შემდეგ მიიღო კომპანიის მიერ ჭიათურის „გარემოსთვის კატასტროფული ზიანის გამოსწორების მიზნით“. სახელმწიფო მმართველი არის ნიკოლოზ ჩიქოვანი. ჭიათურელების ნაწილი პროტესტისას მიუთითებდა, რომ „კატასტროფული ზიანის გამოსასწორელად“ საკმარისი ნაბიჯები არ გადადგმულა.
ექსპლუატაციური პრაქტიკა და სხვა პრობლემები
როგორც შრომის საკითხებზე მომუშავე არასამთავორობ ორგანიზაციის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC-ის) მკვლევარი, გიორგი ცინცაძე მიუთითებს, „ჭიათურაში მოპოვების 150-წლიანი ისტორია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა კონფლიქტის ისტორიაცაა“ [კვლევითი სტატია: ექსტრაქტივისტული რეჟიმები და ჩამორთმევა დაგროვებით ჭიათურაში].
ჭიათურელი მაღაროელები ბოლო წლებშიც არაერთხელ გაფიცულან: ისინი ხშირად მიუთითებ(დნ)ენ დამსაქმებლის მიერ ექსპლუატაციურ პრაქტიკაზე (რასაც კომპანია მუდმივად უარყოფდა).
მაღაროელების შრომის პირობები არაერთი მწვავე დისკუსიის საგანი იყო შრომის უფლებებთან დაკავშირებით. მაგალითად, საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 2019 წელს განაცხადა, რომ საქართველოში შახტებსა და მაღაროებში მომუშავეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა არასაკმარისი სახელმწიფო რეგულაციების გამო საფრთხეშია.
მძიმე შრომით პირობებსა და უფლებებზე გამოხატულ უკმაყოფილებასთან ერთად, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებას უკავშირდება გარემოსთვის მიყენებული სერიოზული ზიანი. „ნეტგაზეთი“ ამ საკითხებზე არაერთხელ წერდა:
მაგალითად, ჭიათურაში, შუა ქალაქში შავი მდინარე მოედინება — მიზეზი მანგანუმის შლამია, რომელიც მანგანუმის მომპოვებელი საწარმოებიდან ჩაედინება. პრობლემა ახალი არ არის. მდინარე ყვირილა უკვე ათწლეულებია ბინძურდება. ასევე, ბინძურდება ქალაქიც.
[რატომ შავდება მდინარე ყვირილა? — ათწლეულების პრობლემა ჭიათურაში]
ამასთან, 2019 წლიდან გამწვავდა სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პრობლემები, რის გამოც მათ გზა გადაკეტეს და მანგანუმის მაღაროების მუშაობა გააჩერეს კიდეც. მოსახლეობის თანახმად, სოფელში კომპანიის მიერ მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების გააქტიურების შედეგად ძლიერ ზიანდებიან: სახლებს ბზარები უჩნდება, ეზოებში მიწა სკდება, დაზიანდა გზა და ეკლესია.
„ჯორჯიან მანგანეზი“ პასუხად აცხადებდა, რომ ზიანი, რაზეც ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მიუთითებს, კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება, საბჭოთა პერიოდში წარმოებული სამუშაოებითაა გამოწვეული და ჯერ კიდევ იმ პერიოდშია კომპენსირებული. ამ სოფლის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება.