მიშელის დოკუმენტის მიუხედავად, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს გასაუბრებას უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებთან. ამ წუთებში საბჭო მოსამართლეობის კანდიდატ ამირან ძაბუნიძეს უსმენს თუმცა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი აწერს, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს.

კერძოდ, დოკუმენტის იმ თავში, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხება ,წერია:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად შეთანხმების ტექსტში არსებული ჩანაწერია, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, ის მაინც გრძელდება. ჯანეზაშვილის თქმით, ამასთან, დოკუმენტში არ ჩანს მექანიზმი, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს და არც პარლამენტის მხრიდან გაკეთებულა განცხადება პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით:

“ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სათანადო კომუნიკაცია თუნდაც ამ ნაწილში, მაგრამ არ ვიცი, ე.წ. კლანს და პარლამენტს ალბათ აქვთ კომუნიკაცია. მაგრამ რატომ გრძელდება ეს პროცესი, ჩემთვის გაუგებარია. საკანონმდებლო საფუძველი მართლაც არ არსებობს, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ან პარლამენტმა უნდა თქვას ცხადად და გასაგებად ,როგორც ამნისტიაზე საუბრობენ და ამ შემთხვევაშიც უნდა თქვან, იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილებები, კანონის საფუძველზე მოხდება შეჩერება? არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, როგორ განხორციელდება ეს პუნქტი” ,- ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი კი საპასუხოდ აცხადებს, რომ საბჭო მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში აგრძელებს საქმიანობას და ამ დროისთვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გასაუბრებების პროცესის შეჩერების ვალდებულებას გააჩენდა.

ამასთან, მოსამართლე აცხადებს, რომ სასამართლო დისტანცირებულია პოლიტიკისგან და აღნიშნული დოკუმენტი პოლიტიკური შეთანხმების საგანია:

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც დღეს ისევ ძალაშია და ავალდებულებს საბჭოს ,იზრუნოს უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტებაზე. დღეის მდგომარეობით საბჭოსთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომლითაც ჩვენ ეს პროცედურა უნდა შევაჩეროთ და, შესაბამისად, გასაუბრებები, საჯარო მოსმენები კანდიდატებთან აღარ უნდა ჩავატაროთ. რაც შეეხება იმ [მიშელის] დოკუმენტს, ეს არის პოლიტიკური შეთანხმების საგანი.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო დისტანცირებულია პოლიტიკური საქმიანობისგან და მოქმედებს მხოლოდ არსებული კანომდებლობის საფუძველზე. სანამ ეს დოკუმენტი კანონის სახეს არ მიიღებს და საკანონმდებლო დონეზე არ გაიწერება, რომ უნდა შეჩერდეს დანიშვნების პროცესი,საბჭო ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. ეს პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება.

ჩვენ ვასრულებთ კანონის მოთხოვნას და ვზრუნავთ იმაზე, რომ დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო ,იმიტომ, რომ ისევ არსებობს საქმეთა გაჭიანურების პრობლემა, რომელზეც არამხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, სახალხო დამცველიც მიუთითებს” ,- აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.