აფხაზეთის ომის დროს დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს აფხაზეთის ომის დროს დაკარგული 13 პირის ნეშტი.

“აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ იქნა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი (6 სამხედრო, 7 მშვიდობიანი მოქალაქე), რომელთა ოჯახებისთვის გადაცემის და დაკრძალვასთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონიალი დაგეგმილია 23-24 აპრილს”, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

გავრცელებული განცხადების თანახმად, “სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 23 აპრილს, 17:00 საათიდან და 24 აპრილს 11:00-დან 14:00 საათამდე. იდენტიფიცირებულთაგან 4 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა გაიმართება 24 აპრილს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე.”