ახალი ამბები

“გირჩის” წევრებმა მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

19 აპრილი, 2021 • 1227
“გირჩის” წევრებმა მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

პოლიტიკური პარტია “გირჩის” წევრებმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

“გირჩის” წევრებმა აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ტელეკომპანია “გირჩის” პირდაპირ ეთერში და ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდეს სხვა პარტიებსაც, მათ შორის ოპოზიციას და “ქართულ ოცნებას”.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს, ისინი პარლამენტში შევლენ სრულად, თუ არ მოაწერს, მაშინ პარტიის დეპუტატი წევრები ისეთ რეჟიმში გააგრძელებენ ყოფნას, როგორც აქამდე ჰქონდათ დაგეგმილი.

“თუ “ქართული ოცნება” თვითონაც ხელს მოაწერს და ჩვენთან დადებს ამ ხელშეკრულებას ფიზიკურად და აქ [დოკუემნტში] არსებული პირობები აღსრულდება, მიუხედავად იმისა, რას იზამს “ნაციონალური მოძრაობა” ან სხვა ოპოზიციური პარტიები, ჩვენ შევდივართ სრულად პარლამენტში. თუ ამას “ქართული ოცნება” არ მოაწერს ხელს და, შესაბამისად, ეს მხოლოდ ცალმხრივი იქნება, ეს არ არის შეთანხმება, როგორც ასეთი, და მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შევდივართ პარლამენტში. მაგრამ გვინდა, რომ დერეფნებში დაველოდოთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც იგივეს გააკეთებენ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“გირჩის” წევრებმა 16 აპრილს დააანონსეს, რომ დღეს, 19 აპრილს, პარლამენტის შენობაში შევიდოდნენ, თუმცა არ ჩაერთვებოდნენ საპარლამენტო საქმიანობაში.

მანამდე „გირჩმა“ გამოაქვეყნა 7  წინაპირობა, რომელთაგან ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი პარტია პარლამენტში შევიდოდა. იაგო ხვიჩიას თქმით, არცერთი საკითხი არ დაკმაყოფილებულა, შესაბამისად, “გირჩი” საპარლამენტო საქმიანობაში არ ერთვება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება გუშინ, 18 აპრილს წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.

იხილეთ დოკუმენტი სრულად:

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი