ახალი ამბები

დროულად გამოიძიეთ ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმები – სახალხო დამცველი

9 აპრილი, 2021 •
დროულად გამოიძიეთ ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმები – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ თავდასხმების შესახებ ცნობებს ეხმიანება და მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი.

დღეს ტელეკომაპანია „ფორმულამ“ განაცხადა, რომ მის ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ – ერთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო მეორეს დაუზიანეს მანქანა, რომელსაც ტელეკომპანიის ლოგო ეკრა. არხი ორივე ფაქტს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

სახალხო დამცველი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ეს არ არის „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმის პირველი ცნობა. მანამდე ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტს, ვახო სანაიას, უცნობი პირები ღამით თავს დაესხნენ.

„სახალხო დამცველი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული თავდასხმები. ამასთან, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა რელევანტურ უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა.

ვრცლად:

სანაიაზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

მასალების გადაბეჭდვის წესი