საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, გარკვეული გამოვლინება ყველა ვაქცინას ახლავს თან, თუმცა ვაქცინაციის გარეშე დაავადების საფრთხე ბევრად დიდია. ამას გარდა, პრეზიდენტი აცხადებს, რომ პანდემიასთან ბრძოლისას მნიშვვნელოვანია ქვეყნის შიგნით ერთიანობა, რადგან “ახლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის, ან ერთად გადავრჩებით, ან ვერა”.
“უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო ჯანდაცვა, ეს გამოწვევა არის პანდემია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მასშტაბის კატასტროფას მარტო გაუმკლავდება, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა სხვისი მარცხით გამარჯვებული დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვითარებისა არაფერი გვესმის და არც ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა გაგვაჩნია. ხომ უნდა ვხდებოდეთ, რომ ახლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის, ან ერთად გადავრჩებით, ან ვერა.
ყველამ ვიცით, რომ იშვიათი შემთხვევები ყველა ვაქცინაციის კამპანიას თან ახლავს, მაგრამ ვაქცინაციის გარეშე დაავადების საფრთხე ბევრად დიდია. უნდა გვესმოდეს, რომ დაავადებაზე დროული გამარჯვება ვერ და არ ჩაითვლება რომელიმე ხელისუფლების ან პარტიის გამარჯვებად. ეს უნდა იყოს საზოგადოების გამარჯვება, რომელიც მიიღწევა მხოლოდ ერთიანი და პასუხისმგებლიანი მიდგომით”,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების საყოველთაო დაცვასა და ყველას მიმართ თანაბარ მიდგომაზე. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რეგულაციების დაცვის საკითხში, ხელისუფლების გარდა, მნიშვნელოვანია ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც:
“მიმაჩნია, რომ ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა. ყველგან – ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე. მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის, თითოეული მოქალაქეს შეგნებაზე, პირბადის ტარებაზე, დროულ ვაქცინაციაზე და გაფრთხილებაზე გადის ჩვენი საზოგადოების ბედი”.
დღეს, 9 აპრილს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.