სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მრავალპარტიულობა ერთიანობის ნიშანია.
ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ანგარიშით უნდა წარდგეს, თუმცა მანამდე გრძელი სიტყვით გამოვიდა.
სიტყვის დასაწყისში მან ისაუბრა 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ამ დღის გამარჯვება იმაშიც ვლინდება, რომ „სწორედ 1918 წლის სახელმწიფოს სამართარლმემკვიდრედ აღდგა საქართველო, ანუ – (და ამას ხაზ გასმა სჭირდება) – ჩვენი სამართლებრივი ისტორიიდან მონობის და გაუცხოების 70 წელი ამოიშალა,“.
„არ შეიძლება დღეს და აქ წარმოთქმული ჩემი სიტყვა იყოს წარსულის მიმოხილვა. ჩვენი წარსული იმდენად ღირებულია, იმდენად უნდა ვიცოდეთ და გვაინტერესებდეს, რამდენადაც ის ქმნის ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღის ნიადაგს: ის ან ერთმანეთს გვაშორებს და გვასუსტებს, ან, პირიქით, გვაერთიანებს და გვაძლიერებს!
სწორედ ამიტომ არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და, ამავდროულად, არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია. ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით. ეს გზა განვლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით.
მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, ასევე, მრავალპარტიულობა, ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია და ამას თავისუფლება ჰქვია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება თუ არა, სულ ცოტა, გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა მუდამ დაყენება!“ – ამბობს სალომე ზურაბშვილი.
მისივე თქმით, წარსულმა საქართველოს ასეწავლა, რომ ქვეყანა იმარჯვებს მაშინ – „ როცა ერთად ვართ, და არა პირიქით – როცა ორ ბანაკად ვართ გაყოფილი და არცერთ მხარეს არ სურს მოისმინოს მეორის მოსაზრებები. 9 აპრილი ამის დასტურია“.