პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების ნაჩქარევად შეტანასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებას ეხმაურება.
თალაკვაძის თქმით, კანონში ცვლილებები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს ადგენს, ორი წლის წინ იქნა მიღებული, ხოლო ერთი კვირის წინ მიღებულ ცვლილებებში აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია პროცედურასთან დაკავშირებით:
თალაკვაძის თქმით, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტის მიმართ არსებითი შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
“მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის ახალი რეგულაციების თანხვედრა უმარტივესი დასადგენია, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ, მხედველობაში მივიღოთ პარტნიორების მოწოდება და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადავუგზავნოთ”, — აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს პარლამენტმა პირველ აპრილს 86 ხმით დაამტკიცა “საერთო სასამართლოების შესახებ” და თანმდევ კანონებში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ახლებურად აწესრიგებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებს.
ევროკავშირი მიესალმება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების ინიციატივას, თუმცა იმედგაცრუებულია პარლამენტის მიერ ამ ცვლილებების ნაჩქარევად, ფართო კონსულტაციების გარეშე მიღების გამო.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად ითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები კომისიის წინა რეკომენდაციებს.
“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უზენაესის სასამართლო — უმაღლესი სასამართლო ინსტანცია — უმაღლესი პროფესიული კომპეტენციის და კეთილსინდისიერი მოსამართლეებით დაკომპლექტდეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის განკუთვნილი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის პრესპიკერის განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა.
მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების გასაჯაროება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს