ახალი ამბები

რატომ არ აცრეს 100 ცნობილი ადამიანი საჯაროდ — გაბუნიას განმარტება

6 აპრილი, 2021 •
რატომ არ აცრეს 100 ცნობილი ადამიანი საჯაროდ — გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 100 ცნობილი ადამიანის აცრის კამპანია “ფაიზერის” შემთხვევაში საჭირო არ არის, “ასტრაზენეკას” შემთხვევაში კი მხოლოდ ის ცნობადი სახეები ერთვებიან, ვისაც ვაქცინა რისკის ჯგუფის მიხედვით ისედაც ეკუთვნის. ამის შესახებ გაბუნიამ დღეს, 6 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო ნდობის დაბრუნება და ცნობადი სახეების მიერ საკუთარი მაგალითის გაზიარება მოქალაქეებისთვის, თუმცა, მოგეხსენებათ, ამ კამპანიის დაანონსებიდან მალევე ქვეყანაში “ფაიზერი” შემოვიდა. “ფაიზერის” ვაქცინაზე აქტივობა ძალიან მაღალია, ანუ ამ შემთხვევაში 100 ცნობადი სახის ჩართვა, რომელსაც სხვა შემთხვევაში “ფაიზერის” ვაქცინაზე წვდომა არ ექნებოდა მისი რისკებიდან გამომდინარე, გამოიწვევდა უსამართლობის და უთანასწორობის შეგრძნებას, ამდენად, “ფაიზერთან” მიმართებით პრომოციის აუცილებლობაც არ არსებობდა.

რაც შეეხება “ასტრაზენეკას” ვაქცინას, მასზე უფრო მნიშვნელოვანი და უპრიანია, ის ცნობადი სახე ჩაერთოს, ვისაც ისედაც ეკუთვნის [ვაქცინაცია]. ანუ იმ ასაკობრივ ჯგუფების მიხედვით, ვისთვისაც რეალურად ხვალვე არის მოწოდებული [აცრა]. ამდენად, ჩვენ კამპანიაში ჩავრთეთ ის ცნობადი სახეები, ვისაც ეკუთვნოდა ვაქცინა და განაცხადა თანხმობა საჯაროდ აცრის შესახებ”, — განმარტა გაბუნიამ.

100 ცნობილი ადამიანის საჯაროდ აცრა ვაქცინაციის კამპანიის ნაწილია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გასული თვის ბოლოს დააანონსა. კამპანიის ფარგლებში რამდენიმე ცნობილი ადამიანი უკვე აიცრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი