ახალი ამბები

პოზნერმა და მისმა მეგობრებმა საქართელო დატოვეს — მედია

1 აპრილი, 2021 • 1153
პოზნერმა და მისმა მეგობრებმა საქართელო დატოვეს — მედია

რამდენიმე ქართული ტელეარხის გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი და მისი სტუმრები საქართველოდან დაგეგმილზე ადრე გაემგზავრნენ.

ვლადიმირ პოზნერის სტუმრებმა სასტუმრო რუმსი დღეს დილით, დაახლოებით 06:00 საათზე დატოვეს.

ისინი პოლიციიამ აქციის მონაწილეთა შეძახილების ფონზე გააცილა.

flightradar24-ის მონაცემებით, “Georgian Airways-ის” თვითმფრინავი რუსეთის მიმართულებით თბილისიდან ზუსტად 8 საათზე გაფრინდა.

რუსი ჟურნალისტი საქართველოში 40 თანმხლებ პირთან ერთად გუშინ ჩამოვიდა. მისი განცხადებით, საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო ვინოტელში მივიდა, საპროტესტო აქციისა და აქციის მონაწილეთა მიერ შენობისთვის შუქის გათიშვის შემდეგ, შსს-მ ისინი სასტუმრო რუმსში გადაიყვანა.

მანამდე სასტუმრო ვინოტელი შრომის ინსპექციამ პანდემიისას დაწესებული თავშეყრის რეგულაციების დარღვევის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა.

გუშინ ღამით მოძრაობა “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია მოქალაქეებს დილით, 11:00 საათზე შეკრებისკენ და პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდებდა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ვლადიმირ პოზნერი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იგი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი