ახალი ამბები

11 საათიდან გავაგრძელებთ პროტესტს, მანამდე ადგილზე ვრჩებით – ხოშტარია

1 აპრილი, 2021 •
11 საათიდან გავაგრძელებთ პროტესტს, მანამდე ადგილზე ვრჩებით – ხოშტარია

მოძრაობის “დროა” ლიდერი ელენე ხოშტარია მოქალაქეებს ხვალ, 11:00 საათზე, სასტუმრო სტამბის/რუმსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებისკენ და ვლადიმირ პოზნერის ქვეყანაში ჩამოსვლის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს.

დღეს მთელი საღამოს განმავლობაში ვიღებთ ხალხის ემოციას, ბევრი გვწერს, ბევრი ადამიანი გასაგები მიზეზის გამო კომენდანტის საათის დროს ვერ გამოდის, ამიტომ ჩვენ აქ ვიქნებით და ხვალ, 11 საათზე, ყველა მოქალაქეს, ვისაც აწუხებს ის, რაც აქ ხდება, მოვუწოდებთ, რომ შევიკრიბოთ აქ, სასტუმრო სტამბის წინ და თუ მთავრობა უქმნის კომფორტს ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელებს, ჩვენ ამის საშუალება არ მივცეთ.

მანამდე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მორიგ ჯერზე ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას მოქალაქეებს, ნუ ცდიან ჩვენს მოთმინებას და როგორც მოითხოვს ჩვენი ქვეყნის კანონი, კონსტიტუცია, ღირსება, ისტორია… გაამგზავრონ აქედან ეს არასასურველი სტუმარი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, მოქალაქეები ამჟამად რჩებიან იმ სასტუმროს წინ, რომელიც ვლადიმირ პოზნერსა და მისი თანმხლებ პირებს მასპინძლობს.


რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში დღეს ჩამოფრინდა.

მისი თქმით, ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით იმყოფება. მასთან ერთადაა 40-მდე სტუმარიც.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო ვინოტელში იმყოფებოდა. მოგვიანებით იგი და მისი სტუმრები შსს-მ ავტობუსით სასტუმრო რუმსში გადაიყვანა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების განცხადებით, მან ქვეყანა უნდა დატოვოს, რადგან არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი