მრჩება შთაბეჭდილება, რომ შეთანხმების პროექტი “ოცნებასთან” უკვე გავლილია — უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პროექტი “ქართული ოცნებისთვის” უკვე ცნობილია. აღნიშნულის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

საუბარია დოკუმენტზე, რომელიც ევროპული საბჭოს სპეციალურმა წარმომადგენელმა და საქართველოში მედიატორის სტატუსით მყოფმა კრისტიან დანიელსონმა 29 მარტს ახსენა. დანიელსონმა აღნიშნა, რომ შეთანხმების პროექტს პარტიებს 30 მარტს წარუდგენდა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მას ხელს მოაწერდნენ.

გიგი უგულავას განცხადებით, ხსენებულ ეჭვს უჩენს, ერთი მხრივ, “ქართულ ოცნებასა” და კრისტიან დანიელსონს შორის 29 მარტის შეხვედრებს, მეორე მხრივ კი, “ოცნების” ოფისში ამავე დღეს გამართული პოლიტსაბჭოს სხდომების ინტენსივობა.

“დავაკვირდეთ გუშინდელ დღეს: [29 მარტის] დილიდან შეხვდა დანიელსონს კობახიძე. მერე წავიდა, პოლიტსაბჭო შეიკრიბა. მერე ექვსზე კიდევ შეხვდა და მერე კიდევ- პოლიტსაბჭო. მოდით, ვთქვათ, “პოლიტსაბჭო შეიკრიბა” — ეს ნიშნავს, რომ კონსულტაციებს გადიან ივანიშვილთან. მაგრამ ამ წუთას ეს არსებითი არ არის.

ჩემთვის არსებითი საკითხი არის სხვა რამ. მე ამ მოძრაობებიდან, და არამარტო ამ მოძრაობებიდან, ინფორმაციიდან, რამაც გამოჟონა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ “ქართულ ოცნებასთან” ეს დრაფტი თუ წინადადება, რომელიც დღეს ჩვენ გვემცნობა, უკვე გავლილია ან მისი დეტალები მათთვის ცნობილია.

ეს თუ დადასტურდა, ყველას პატივისცემის მიუხედავად, ეს ვერ იქნება ვერც სრულფასოვანი მედიაცია და ვერც ვერაფერი”, — თქვა გიგი უგულავამ.

პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს, 30 მარტს, 17:00 საათზე დაიწყო და კვლავაც გრძელდება.

დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციისა და “ოცნების” შეხვედრა დაიწყო