საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაციის პროცესში ჩართულ პარტიებს მიმართავენ და არსებული პოლიტიკური ვითარების დაძლევის ხედვას სთავაზობენ მათ. განცხადების ხელმომწერთა თქმით, ნათელია, რომ კრიზისი კვლავ ღრმავდება, პოლიტიკოსების დისკუსია კი დაცლილია საზოგადოების უმთავრეს პრობლემებზე ზრუნვისგან.
“…ნათელია, რომ პრობლემის გასაღები ხელში თქვენ, ქართველ პოლიტიკოსებს, გიჭირავთ. სამწუხაროდ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კრიზისის განმუხტვა არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების უმთავრეს პრიორიტეტს.
ნაცვლად კომპრომისული გადაწყვეტილებების ძებნისა, მხარეები წითელ ხაზებს აწესებენ, რაც აჩენს განცდას, რომ შეთანხმების მოტივაცია არ არსებობს.
…ქვეყანა სოციალური, ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და მათზე პასუხის გასაცემად საჭიროა სიცოცხლისუნარიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი ინსტიტუტები”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ამ მდგომარეობამდე ქვეყანა მიიყვანა მმართველობითმა სისტემამ, რომელიც 30 წელია ყველა მმართველ გუნდს ფაქტობრივად უკონტროლო და დაუბალანსებელ ძალაუფლებას ანიჭებს.
“თამაშის ერთადერთი წესი – გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, ყოვლისშემძლე უმრავლესობას ოპოზიციის უგულებელყოფის შესაძლებლობას აძლევს.
არჩევნებში დამარცხებული პარტია საკუთარი ელექტორალური მხარდაჭერის პროპორციულ გავლენას ვერ ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. სისტემა ძალაუფლების განაწილების პრინციპში ამომრჩევლის დიდ ნაწილს არ ითვალისწინებს. ეს ნულოვანი ჯამის თამაშია და ეს უნდა შეიცვალოს.
ამაზე მუშაობის დასაწყებად კი ახლა საუკეთესო დროა”, — აღნიშნავენ ხელმომწერნი.
NGO-ები პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობენ არსებული პოლიტიკური ვითარების შეცვლის მათეულ ხედვას, რომელიც “რომელიც ეყრდნობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6 პუნქტიან ჩარჩო დოკუმენტს”. ორგანიზაციების აზრით:
1. როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოებულ ბარიერთან. საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ მან უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების სამართლიანი მონაწილეობა და ჩართულობა, ასევე საზოგადოების მაღალი ნდობა;
2. პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის, ისევე როგორ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტში წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში საჭიროუნდა იყოს ე.წ. ორმაგი 2/3 (ერთდროულად მოსამართლე წევრთა 2/3 და არამოსამართლე წევრთა 2/3), თავისმხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტში ორმხრივი, ხელისუფლებისა დაოპოზიციის მხარდაჭერით უნდა დაინიშნონ (ე.წ. ბილატერალური მხარდაჭერა);
3. ბილატერალური მხარდაჭერითვე უნდა დაინიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, გენერალური აუდიტორი და გენერალური პროკურორი. ეს თანამდებობის პირები, ისევე როგორც მოსამართლეები, უნდა დაექვემდებარონ განახლებული პროცედურით გადანიშვნის წესს 2021 წლის განმავლობაში;
4. უმრავლესობამ უნდა გამონახოს სამართლებრივი გზები ოპოზიციისთვის პრინციპული მნიშვნელობის მქონე სისხლისსამართლებრივი საქმეების ფიგურანტი პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გასათავისუფლებლად და მათი საქმეების დროებით შესაჩერებლად. საბოლოო გადაწყვეტილება მათზე ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად რეფორმირებულმა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა მიიღოს;
5. პარლამენტის სპიკერატში ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი; პირველი ვიცესპიკერი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარეთა თანამდებობები, მათ შორის წამყვანი კომიტეტების, ოპოზიციასა და უმრავლესობას იმ პროპორციით გადაუნაწილდეს, როგორიც მათი საპარლამენტო წარმომადგენლობაა;
6. საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების აღების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა აითვისოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატები, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნული რეფორმების როგორც შემუშავებაში, ისე იმპლემენტაციაში.
ხელმომწერები ხაზს უსვამენ, რომ ჩამოთვლილ რეფორმებზე მუშაობის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, დაექვემდებაროს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ზედამხედველობას. მეორე მხრივ, არასამთავრობოები მზად არიან, ჩაერთონ ამ პროცესში, მათ შორის მხარეებთან რეფორმების კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით კონსულტაციების კუთხით.
მიმართვას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისოგა მჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ლიბერალური აკადემია თბილისი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემდეგ, საქართველოში მისი სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი 12 მარტს ჩამოვიდა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციის ფარგლებში, დანიელსონმა არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”.
17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.
22 მარტს ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება და განაგრძობს მედიაციის პროცესს.