ახალი ამბები

მერიაში შეიტანეს პეტიცია ვაშლიჯვარში მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით

27 მარტი, 2021 •
მერიაში შეიტანეს პეტიცია ვაშლიჯვარში მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით

ვაშლიჯვრის მცხოვრებლებმა თბილისის მერიაში შეიტანეს პეტიცია, რომლითაც აღნიშნულ უბანში კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფის ითხოვენ. პეტიცია ონლაინ სივრცეში გამოაქვეყნდა და მას 4 867 ადამიანი აწერს ხელს.

პეტიციის თანახმად, მოსახლეობა მოითხოვს, საქართველოს მთავრობამ, თბილისის მერიამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოაცხადონ მორატორიუმი ვაშლიჯვრის უბანში ნებისმიერი ტიპის კორპუსების მშენებლობაზე: არ გაიცეს არც ერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება.

მოთხოვნათა შორისაა ასევე დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ქართველი და საერთაშორისო დამოუკიდებელი გეოლოგები და სხვა საჭირო სფეროს ექსპერტები “და არა სამთავრობო სფეროში დასაქმებული გეოლოგები, რომლებსაც, როგორც დავინახეთ, ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშ დასკვნებზე აქვთ ხელი მოწერილი”. პეტიციის ავტორთა თქმით, პროცესშია მონაწილეობა უნდა მიიღონ ვაშლიჯვრის მოსახლეობის წარმომადგენლებმაც.

“მნიშვნელოვანია, საჯარო იყოს ამ ჯგუფის წევრების ვინაობა და მათ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოიკვლიონ ლისის ქედი სრულად”, — ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

ამავე მოთხოვნებით, ხვალ, 28 მარტს, ვაშლიჯვარში აქცია გაიმართება.


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა, რას გაანადგურებს მასა.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ გერმანელი ექსპერტები, რომლებმაც აღნიშნული მეწყერი უნდა შეისწავლონ. ისინი ქვეყანაში თბილისის მერიამ ჩამოიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი