ახალი ამბები

საქართველოში 8-დან 6 შემთხვევაში რეალობა არ ემთხვევა “სოციალური უფლებების ქარტიის” პრინციპებს — ანგარიში

26 მარტი, 2021 •
საქართველოში 8-დან 6 შემთხვევაში რეალობა არ ემთხვევა “სოციალური უფლებების ქარტიის” პრინციპებს — ანგარიში

სოციალური უფლებების ევროპულმა კომიტეტმა 24 მარტს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში არსებული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის “სოციალური უფლებების ქარტიით” გათვალისწინებულ ვალდებულებებთან თანხვედრასთან დაკავშირებით.

ევროპის სოციალურ ქარტია სოციალური უფლებების დაცვის დოკუმენტია, რომელსაც საქართველო 2005 წლიდან შეუერთდა.

სოციალური უფლებების ევროპულმა კომიტეტმა 2020 წელს საქართველოსთან დაკავშირებით ქარტიის 8 დებულება შეისწავლა და დაადგინა, რომ 6 შემთხვევაში ვითარება არ შეესაბამება ქარტიით გათვალისწინებულ პირობებს, ხოლო ორ შემთხვევაში კომიტეტს სჭირდება დამატებითი ინფორმაცია, რათა შეისწავლოს ვითარება.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის არარსებობა ნიშნავს ქართული მხარის მიერ საანგარიშო ვალდებულებების დარღვევას.

სოციალური უფლებების ევროპულმა კომიტეტმა დაადგინა, რომ სოციალური ქარტიის პირველი მუხლის, პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ საქართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი დასკვნის გასაკეთებლად. აღნიშნული პუნქტები გულისხმობს სრული დასაქმებისა და საქმიანობის თავისუფლად, დისკრიმინაციის გარეშე არჩევის უფლებებს.

მეორე მხრივ, კომიტეტმა დაადგინა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ ემთხვევა ქარტიით გათვალისწინებულ შემდეგ უფლებებს:

  • პროფესიული სწავლების უფლება

კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველოში არსებული ვითარება არ შეესაბამება ქარტიის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს შეგირდთა სწავლების სპეციალური სისტემები სხვადასხვა სპეციალობაში ახალგაზრდა ვაჟებისა და გოგონების მომზადების მიზნით.

ასევე, ქვეყანაში არ არსებობს უმუშევართა სამუშაო პროცესში ჩართვისთვისა და გადამზადების პროგრამები

  • შრომის უფლება — 2 შემთხვევაში (ქვეყანაში არ არსებობს დასაქმების უფასო სამსახურები და არ არის გარანტირებული პროფესიული ორიენტაციის საშუალებები, მათ შორის, შშმ პირებისთვის.
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებლობის, სოციალური ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება.

შშმ პირებს ჯერ კიდევ არ აქვთ ეფექტური წვდომა საცხოვრისით უზრუნველყოფაზე, ტრანსპორტზე, კომუნიკაციებზე.

  • დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობის სფეროში თანაბარი შესაძლებლობებითა და თანასწორი მოპყრობით სარგებლობის უფლება, სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე.

საქართველოში არ არსებობს კანონით გარანტირებული თანაბარი ანაზღაურება ქალებსა და კაცებს შორის თანაბარი შრომის ან თანაბარი ღირებულების შრომის შემთხვევაში.


სოციალური უფლებების ევროპული ქარტია უზრუნველყოფს ადამიანის სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, როგორიც არის სათანადო საცხოვრებელი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება და პროფესიული მომზადება, დისკრიმინაციის აკრძალვა დასაქმებისას და უსაფრთხო სამუშაო პირობები, სამართლებრივი და სოციალური დაცვა, სამართლიანი მოპყრობა მიგრანტების მიმართ და დისკრიმინაციის აკრძალვა საზოგადოების ყველა ფენაში და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

ქარტია აყალიბებს მეთვალყურეობის მექანიზმს, რათა უზრუნველყოს, რომ ის წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც მოახდინეს ქარტიის რატიფიცირება, ასრულებდნენ მასში განსაზღვრულ უფლებებს. სახელმწიფოებმა ყოველწლიური ანგარიში უნდა წარუდგინონ სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტს ამ სფეროში საკუთარი საქმიანობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი