ახალი ამბები

დიპლომატის თქმით, ლონდონში საქართველოს საელჩოდან პირადი მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს, საგარეო უარყოფს

25 მარტი, 2021 •
დიპლომატის თქმით, ლონდონში საქართველოს საელჩოდან პირადი მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს, საგარეო უარყოფს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის, გიორგი ფანიაშვილის განცხადებით, იგი დიპლომატიური სამსახურიდან საკუთარი ანალიტიკური სტატიების მომზადებისა და გამოქვეყნების გამო გაათავისუფლეს, სადაც, როგორც თვითონ განმარტავს, “ანტისახელმწიფოებრივ ან პარტიულ პოზიციას” არ აფიქსირებდა.

“ჩემ მიერ დაწერილი და გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც გამოქვეყნდა ონლაინ-გამოცემა Civil.ge-ში, პირდაპირ კავშირშია იმ გადაწყვეტილებასთან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ  მიიღო. ეს იყო საინფორმაციო-ანალიტიკური სტატიები, რომელიც შეეხებოდა საგარეო პოლიტიკის პრობლემატიკას, ბრიტანეთის პოლიტიკას, ეს სტატიები არ იყო ანტისახელმწიფოებრივი ან რომელიმე პარტიული ნიშნით გამორჩეული.

ისინი ეხება საგარეო პოლიტიკას, იმ პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა გამოსწორდეს, რა უნდა განახლდეს საგარეო პოლიტიკაში, რომ ის უფრო ეფექტური იყოს. კიდევ ერთხელ, აქ არ იყო საუბარი რომელიმე პოლიტიკოსზე ან პარტიაზე, თუმცა ესეც კი მიუღებელი აღმოჩნდა სამინისტროსთვის”, – აცხადებს გიორგი ფანიაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესი მოჰყვა იმ ფაქტს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას შედეგი არ მოჰყოლია.

“თავიდან დაიწყეს სიტყვიერი გაფრთხილებები, რომ მე შემექნებოდა დიდი პრობლემები ან სამსახური უნდა დამეტოვებინა. როცა სამსახური არ დავტოვე, ჯერ დაიწყო აბსოლუტურად უსაფუძვლო ადმინისტრაციული წარმოება, შემდეგ ეს წარმოება დასრულდა არაფრით, ამის შემდეგ კი დაიწყეს რეორგანიზაცია და სამი თვის შემდეგ გამიშვეს სამსახურიდან.

ეს [ბრალდება] იყო მოგონილი, რომ თითქოს ელჩს საელჩოში არ ვუნახივარ. მე ამაზე გავეცი პასუხი და სამინისტრომაც თქვა, რომ ის დარღვევები, რომელსაც ელჩი აბრალებს ფანიაშვილს, არ დასტურდება. ვერც დადასტურდებოდა, რადგან არ ჰქონდა ამ ბრალდებებს კავშირი სიმართლესთან”, – აცხადებს გიორგი ფანიაშვილი.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, იყო თუ არა, მათ შორის, პირადი მოსაზრებების შემცველი სტატიების გამოქვეყნება დიპლომატიური სამსახურში დასაქმებული პირის უფლებამოსილება, რაზეც ფანიაშვილი პასუხობს, რომ ამგვარი შეზღუდვა კანონით არ არის გათვალისწინებული.

“არა, ასეთი შეზღუდვა არ არსებობს, რომ მოსაზრების ან სტატიის დაწერა არ შეგეძლოს, მით უმეტეს, ეს სტატია არაფერს უკანონოს, ამორალურსა და არაეთიკურს არ შეიცავს. მე არაფერი დამირღვევია.

მე მივიჩნევ, რომ ეს იყო მიკერძოებული, სუბიექტური, უსაფუძვლო გადაწყვეტილება და ესაა, სხვა არაფერი, თუ არა დევნა და დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო”, – განუცხადა გიორგი ფანიაშვილმა ნეტგაზეთს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გიორგი ფანიაშვილის გათავისუფლება არ უკავშირდება უწყების მხრიდან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, არამედ მისი გათავისუფლება უკავშირდება საკადრო ერთეულების ოპტიმიზაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში განხორციელდა.

“გიორგი ფანიაშვილს შეეხო საგარეო საქმეთა სამინისტროში 2020 წლის დეკემბერში გამოცხადებული რეორგანიზაცია, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოხდა საკადრო ერთეულების ოპტიმიზაცია, რომლის თანახმადაც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირალნდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში ის დიპლომატიური პოზიცია, რომელიც ეკავა გიორგი ფანიაშვილს, გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაცის შედეგად ასევე გაუქმდა საზღვარგარეთ საქართველოს სხვა დიპლომატიურ მისიებში, საერთო ჯამში, 9 თანამდებობა.

რეორგანიზაციის შესახებ, გიორგი ფანიაშვილის ეცნობა ერთი თვით ადრე, ხოლო „პროფესიული მოხელის მობილობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის 199-ე დადგენილების შესაბამისად მისთვის შეთავაზებულ იქნა სისტემაში (კერძოდ, დიპლომატიურ მისიებში) ორი ალტერნატიული თანამდებობის დაკავება, რაზეც გიორგი ფანიაშვილმა უარი განაცხადა .

რაც შეეხება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უწყების მისამართით თანამშრომლის უსაფუძვლო ბრალდებას, აღსანიშნავია, რომ გიორგი ფანიაშვილი რეგულარულად თანამშრომლობს სხვადასხვა ონლაინ-საინფორმაციო საშუალებებთან და რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, რა დროსაც მას არ ჰქონია წინააღმდეგობა უწყების მხრიდან. შესაბამისად, ფაქტები ცხადყოფს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს და იცავს უწყების ყველა თანამშრომლის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას პროფესიული საქმიანობის წესების დაცვის ფარგლებში”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის გაგზავნილ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი