ახალი ამბები

გიგანტური გემი სუეცის არხში გაიჭედა — მოძრაობა შეჩერებულია

25 მარტი, 2021 •
გიგანტური გემი სუეცის არხში გაიჭედა — მოძრაობა შეჩერებულია

მესამე დღეა, გრძელდება სამუშაოები, რომელთა მიზანიც საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სუეცის არხის გახსნა და გემების მოძრაობის აღდგენაა. არხის გადაკეტვას წინ უძღოდა უამინდობა, რომლის გამოც დიდმა საკონტეინერო გემმა “Ever Given” გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ისეთ პოზიციაში აღმოჩნდა, რომ მოძრაობა სხვა გემებისთვისაც შეუძლებელი გახდა.

სუეცის არხში გაჭედილი, პანამის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი ტაივანში მოქმედ კომპანიას ეკუთვნის. ის 224 000 ტონას იწონის, სიგრძეში 400 მეტრია, სიგანეში კი — 69 მეტრი. სუეცის არხის ადმინისტრაციის მიხედვით, სამშაბათს, 23 მარტს, ძლიერი ქარისა და ქვიშის ქარიშხლის გამო გემმა მართვის უნარი დაკარგა.

ასე შეჩერდა მოძრაობა: საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სუეცის არხის ორივე მხარეს ნავთობით, საავტომობილო ნაწილებითა და სამომხმარებლო პროდუქტით დატვირთული, სულ მცირე, 150 ხომალდია გაჩერებული.

არხის ადმინისტრაცია ამბობს, რომ გემის პოზიციის შეცვლას 8 ბუქსირით ცდილობენ. სამუშაოები ჯერჯერობით მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე მიმდინარეობს. ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც სამუშაოებში მონაწილეობს, ვარაუდობენ, რომ საკონტეინერო გემზე განთავსებული პროდუქციის ჩამოტვირთვა გახდება საჭირო, რასაც, შესაძლოა კვირები დასჭირდეს.

193 კმ სიგრძის სუეცის არხი, რომელიც წითელ ზღვას ხმელთაშუა ზღვასთან აკავშირებს, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის კუთხით. ეგვიპტის მთავრობის 2019 წლის მონაცემებით, არხში დღიურად 50 ხომალდი მოძრაობდა. მსოფლიო ვაჭრობის 12%-ის ტრანზიტი სწორედ სუეცის არხთანაა დაკავშირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი