ცხინვალში უშუქობის გამო სკოლები და ბაღები დაიხურა

ცხინვალში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო სკოლები და საბავშვო ბაღები დროებით დაიკეტა. ცხინვალის დე ფაქტო მერის ოფისის განცხადებით, ქალაქში დაკეტილია ყველა საშუალო სკოლა და ბაღი, გარდა პირველი და მე-17 ბაღებისა, რომლებიც დიზელის გენერატორებით თბებიან.

სასწავლო პროცესი ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდეგ დაიწყება.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს ენერგია უკვე ორი დღეა არ მიეწოდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაზიანდა რუსეთიდან მომავალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, თუმცა დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო მისი შეკეთება ვერ ხერხდება.

ცხინვალი ელექტროენერგიას მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან იღებს. აღნიშნული ხაზი დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგიით მომარაგების ერთადერთი საშუალებაა.