რატომ შავდება მდინარე ყვირილა? — ათწლეულების პრობლემა ჭიათურაში

ჭიათურაში, შუა ქალაქში შავი მდინარე მოედინება — მიზეზი მანგანუმის შლამია, რომელიც მანგანუმის მომპოვებელი საწარმოებიდან ჩაედინება.  პრობლემა ახალი არ არის. მდინარე ყვირილა უკვე ათწლეულებია ბინძურდება. ბინძურდება ქალაქიც.

საუკუნეზე მეტია, რაც მდინარე ყვირილაზე მანგანუმის საბადოებია მოწყობილი. თუ საბადოდან მოპოვებული მანგანუმი შესაბამისი ტექნოლოგიითა  და ფილტრებით არ  გაიწმინდა, რუხი, ნარჩენებით სავსე წყალს მდინარე ქალაქში ჩამოატარებს. ამ მდინარეზე საბადო დღეს „ჯორჯიან მანგანეზს“ ეკუთვნის.

ჭიათურა ფოტო : მარიამ ნიკურაძე

რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე ვირუსულად გავრცელდა 2021 წლის იანვარში გადაღებული ფოტოები, სადაც მანგანუმის შლამით სავსე მდინარე ჩანს.  ფოტოები ორგანიზაცია „მმართველობის მონიტროინგის ცენტრმა“ გაავრცელა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნეტგაზეთს უყვება, რომ მიუხედავად პროტესტისა, პრობლემას სათანადო ყურადღებას არც სახელმწიფო და არც კომპანია არ აქცევს.

2021 წლის იანვარი.
მდინარე ყვირილა, ქალაქ ჭიათურის ცენტრში.

Posted by Eco Club Chiatura – ჭიათურის ეკოლოგიური კლუბი on Tuesday, 23 March 2021

თავად მანგანუმი ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული რისკია. როგორც „მწვანე ალტერნატივა“ ჯერ კიდევ 2010 წლის ჭიათურის შესახებ სახელმძღვანელოში წერდა: „მანგანუმის იონები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ უმაღლეს ორგანიზმებში, მაგრამ დიდი რაოდენობებით მანგანუმმა შეიძლება გამოიწვიოს მოწამლვა და შეუქცევადი ნევროლოგიური დაზიანება ძუძუმწოვრებში.

მანგანუმის მტვრისა და ორთქლის ზემოქმედება, თუნდაც მცირე დროის განმავლობაში, საზიანოა ჯანმრთელობისათვის. მანგანუმი განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ბავშვებისთვის. მანგანუმით მოწამლვა უკავშირდება მოტორული ფუნქციის დარღვევას და ნერვულ დარღვევებს“.

რა სჭირს ყვირილას?

ბოლო დღეებია, ჭიათურაში ძლიერად წვიმს, მდინარე ადიდებულია, თუმცა, ყვირილაში შავი ნადები მაინც ჩანს. ადგილობრივები ნეტგაზეთს უყვებიან, რომ მზიან დღეებში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქალაქის ცენტრში პატარა კახშხალს კეტავენ, მდინარის კალაპოტი ჩანს — შავი მანგანუმიანი შლამით.

ნოდარ ჩაჩანიძე, რომელიც „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელია, ნეტგაზეთთან ჰყვება, რომ ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია, ჭიათურლებთან ერთად პრობლემის გადაჭრას ითხოვს, თუმცა შესაბამისი რეაგირება აგვიანებს.

„პრობლემა დიდი ხანია არსებობს. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ირეცხებოდა მადანი — ქარხნებიდან წყალი ჩამოდიოდა, რომელშიც მანგანუმის მადანი ირეცხებოდა მდინარე ყვირილაში. თუმცა სალექარებისა და ფილტრების ასეთი დონის პრობლემა აქამდე არ ყოფილა და ასეთი თვალსაჩინო პრობლემა არასდროს ყოფილა.

ბოლო წლები განსაკუთრებით აქტიურად ირეცხება და კიდევ უფრო იზრდება მოპოვება და კიდევ უფრო გაცხოველებული წესით არის, ასე ვთქვათ, მოპოვება მანგანუმის და ძალიან ბევრი მადანი დაგროვდა“, — გვიყვება ნოდარ ჩაჩანიძე.

მისი თქმით, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში საქართველოში უცხოელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ, რომლებიც შლამის ამოღებასა და მდინარის კალაპოტის გასუფთავებას სთავაზობდნენ ქალაქს, თუმცა მაშინაც კი და დღესაც, ვერ გადაწყდა კალაპოტის პრობლემა — „არ არის გადაწყვეტილი ვისია. არც სახელმწიფო და არც კომპანია არ იღებს თავის თავზე“.

„ეს გროვდება ქალაქის ცენტრში, სადაც არის ერთგვარი საგუბარი გაკეთებული და ამ საგუბართან გრვოდება ყველაზე დიდი მოცულობა. ეს ყველაფერი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია, ვიზუალურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ. მას გასუფთავება სჭირდება, ეს არის ეკოლოგიური პრობლემა,“

ჩაჩანიძის სიტყვების თანახმად, ყვირილას გასუფთავება როგორც კომპანიის, ასევე სახელმწიფოს ვალდებულებაა, ვინაიდან 2017 წლიდან კომპანიას სახელმწიფო მმართველი დაენიშნა 3 წლის ვადით. 2020 წელს ეს ვადა მას გაუხანგრძლივდა კიდევ სამი წლით „თანაც ისე, რომ სახელმწიფო არ დაინტერესებულა, რა პრობლემები გადაიჭრა და რა დარჩა“.

„მაგრამ ფაქტია, რომ 2017 წლის მერე ეს პრობლემები იმატებს. თუ რაიმე მცირედად გამოსწორდება, მეორე მხრიდან ორჯერ უარესი ხდება და უფრო მეტი რამ ფუჭდება. რეალურად, სახელმწიფო მმართველი თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა მოსახლეობისთვის“, — განმარტავს ჩაჩანიძე.

ნოდარ ჩაჩანიძე (მარჯვნივ). ფოტო: პირადი ფეისბუკი

„ეს არის ეკოლოგიური კატასტროფის ზონა, ჭიათურის მუნიციპალიტეტი ეს არის ადგილი, სადაც სახლები ინგრევა, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწები აღარ არსებობს 15-მდე სოფელში და ამ ზონას კიდევ მეტი სოფელი ემატება. ეს იქცა შეუქცევად პროცესად. რეალურად, სახელმწიფომ თავისი მმართველის დანიშვნით მიატოვა ჭიათურა ერთი ადამიანის — სახელმწიფო მმართველის იმედდად.

2017 წლის შემდეგ გარემოს დაცვა აღარ ამოწმებს კომპანიას. 2017 წლამდე იყო საუბარი უდიდეს ზარალზე და ნახევარმილიონიან ჯარიმაზე, რომელიც კომპანიამ არ გადაიხადა. გარემო კი არ გამოსწორებულა“, — აცხადებს ის.

ჩვენთან საუბარში ჩაჩანიძე დასძენს, რომ სამომავლოდ ორგანიზაცია რამდენიმე სასამართლო დავის დაწყებას აპირებს, მათ შორის, ერთ-ერთია რიგი სოფლების მცხოვრებთათვის ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭება.

„ეს მუნიციპალიტეტიც ეკუთვნის საქართველოს და მისი მცხოვრებლებიც უნდა იყვნენ ზუსტად ისე დაცული, როგორც ის გრძნობს თავს დაცულად თბილისის ნებისმიერ რაიონში. ეს, სამწუხაროდ, არ ხდება, დაჩაგრული და დაზარალებული რაიონის პოზიცია უკვე დიდი ხანია“,— ამბობს ის.

„ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხი

მდინარე ყვირილას დაბინძურებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთმა თავად კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ მიმართა. კომპანიამ ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ მდინარის გაწმენდის საპილოტე პროგრამას ამუშავებდა.

მაშინ ამ პროგრამას მხარს უჭერდა თავად სახელმწიფოც და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე ამბობდა:

„ჯორჯიან მანგანეზმა გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ითვალისიწნებ წარმოებაში გამოყენებული წყლის გაფლიტვრას, რომელიც აარიდებს ყვირილას დაბინძურებას თავს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პროექტი გაგრძელდება“, — ამბობდა ნოზაძე.

თითქმის ერთი წლის შემდეგ „ჯორჯიან მანგანეზი“ დღესაც ამბობს, რომ პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა აქვე დასძენს, რომ საპილოტე პროგრამა ჭიათურის 29-ე ფაბრიკის ტერიტორიაზე დაიწყო და წარმოებაში გამოყენებული წყალი მდინარეში აღარ ჩაედინება — „წყლისა და შლამის სეპარაცია ლოკალურ დონეზე ხდება“.

„ჩვენ ერთ შემთხვევაში ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ, თუმცა ყვირილას დაბინძურების პრობლემა მრავალი ათწლეულია არსებობს და პრობლემა აუცილებლად მოითხოვს სისტემურ მიდგომას. აქ მხოლოდ 1 ღონისძიება არ არის საკმარისი.

სწორედ ამიტომ, “ჯორჯიან მანგანეზი” პარალელურად ღურღუმელას შლამსაცავის რეაბილიტაციის საკითხზე მუშაობს. კეთდება შლამსადინარები, რომლებიც გამამდიდრებელი ფაბრიკებიდან შლამების ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე გადატანას უზრუნველყოფს, სწორედ ღურღუმელაზე მოხდება მათი დასაწყობება. ეს ძალიან მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტიც პროექტირების ეტაპზეა და ვთვლი, რომ ჩვენ მალე მივიღებთ იმ შედეგს, რომ მდინარე საწარმოო პროცესის შედეგად აღარ დაბინძურდება,—“  წერილობით უპასუხა ნეტგაზეთს „ჯორჯიან მანგანეზის გარემოს დაცვის დირექტორმა ირაკლი ნოზაძემ.

შედარებისთვის, თავად კომპანიის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება 4 ძველი ტექნოლოგიით მომუშავე მაღაროში, 9 ახალი ტექნოლოგიით მომუშავე მიწისქვეშა უბანსა და 7 ღია საკარიერო უბანზე. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი საშუალოდ წლის განმავლობაში მოიპოვებს და ამდიდრებს 1.3 მლნ ტონა მანგანუმის მადანს. საშუალო წლიური მანგანუმის კონცენტრატის წარმოების მოცულობა შეადგენს 330 ათას ტონას.

მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება 4 ძველი ტექნოლოგიით მომუშავე მაღაროში, 9 ახალი ტექნოლოგიით მომუშავე მიწისქვეშა უბანსა და 7 ღია საკარიერო უბანზე. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი საშუალოდ წლის განმავლობაში მოიპოვებს და ამდიდრებს 1.3 მლნ ტონა მანგანუმის მადანს. საშუალო წლიური მანგანუმის კონცენტრატის წარმოების მოცულობა შეადგენს 330 ათას ტონას.

ნეტგაზეთი მეორე დღეა ცდილობს, პასუხი მიიღოს გარემოს დაცვის სააგენტოდან. უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

რაც შეეხება ჭიათურის მერიის პასუხს, აქ გვითხრეს, რომ ამ თემაზე „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ მიგვემართა.