სახელმწიფო მდივნის მოადგილე: მელიას დაკავება დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა სენატში, საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე.

კენტმა სიტყვით გამოსვლაში ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავებამ ეს კრიზისი გაამწვავა და აღნიშნული შეაფასა ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად:

“საქართველოში მიმიდნარე პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია როგორც დემოკრატიის გნავითარების თვალსაზრისით, ასევე პოტენციურად ზრდის მის მოწყვლადობას რუსული გავლენების წინაშე. როგორც უკვე ითქვა, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური კონკურენტუნარიანად შეფასდა ევროპის მიერ, თუმცა ასევე აღინიშნა, რომ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის ხაზი მკაფიო არ იყო, რამაც პროცესის გარკვეულ ასპექტებში საზოგადოების რწმენა შეამცირა არჩევნების მიმართ.

სამწუხაროდ, ოპოზიციის უმეტესობამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, მაშინ, როდესაც კვლევები ადასტურებს, რომ იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებმაც ოპოზიციას მისცა ხმა, სურთ მათმა არჩეულმა დეპუტატებმა მანდატები დაიკავონ. ნიკა მელიას დაკავებამ კრიზისი გაამწვავა, ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იყო ქართული დემოკრატიისთვის. როგორც “ქართულმა ოცნებამ”, ასევე ოპოზიციამ, ვერ შეძლეს გამოეყენებინათ დეესკალაციის შესაძლებლობები. ეს გარდამტეხი მომენტია საქართვლეოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, აშშ გულახდილად უნდა საუბრობდეს, როდესაც ლიდერები, განსაკუთრებით კი მმართველი პარტია, გადადიან იმ გზიდან, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ ნება, რომ გადაჭრან ეს კრიზისი. პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე”, – აცხადებს ჯორჯ კენტი.

ამავე თემაზე

ლეგიტიმურობის ზღვარზე მყოფი არჩევნები საკმარისი არაა – სენატორი შაჰინი საქართველოზე