ახალი ამბები

სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

23 მარტი, 2021 • 849
სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლის,ივანე გულაშვილის სატელევიზიო ინტერვიუზე, რომელიც ტელეარხ “მთავარზე” გავიდა, სადაც გულაშვილი საუბრობდა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის უკანონო დავალებების შესახებ.

“საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.


ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 21 მარტს გაავრცელა ამჟამად პატიმრობაში მყოფი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ინტერვიუ, რომელიც აღიარებს, რომ სხვადასხვა პერიოდში ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სხვადასხვა დავალებებს იღებდა, მათ შორის, საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვების მიზნით. სამართალდამცავი უწყებები არ ამბობენ, დაიწყეს თუ არა გამოძიება მის მონაყოლზე.

“მთავარი არხის” ცნობით, ეს ინტერვიუ ივანე/ვანო გულაშვილთან ჯერ კიდევ იმ დროს ჩაწერეს, როდესაც ეს უკანასკნელი დაკავებული არ იყო. ტელეკომპანიის ცნობით, ამ ინტერვიუს შემდეგ ის მალვე დააკავეს. “მთავარი არხის” ცნობით, გულაშვილი მათთვის  მამხილებელი ჩანაწერების გადაცემასაც აპირებდა, თუმცა, გარკვეული პირობებით. ტელეკომპანიის ცნობით, გულაშვილს სუს-ის ეშინოდა და ამის გამო ფრთხილობდა. “მთავარი არხის” თანახმად, ინტერვიუ ჩაწერილია 2019 წლის 24 ნოემბერს, თუმცა ეს უკანასკნელი ამ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილა. გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ამ ინტერვიუს გასაჯაროების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტვ პირველზე გავიდა სიუჟეტი სუსიდან ფარული ჩანაწერების გაჟონვის შესახებ, რა დროსაც ივანე გულაშვილის სახელიც ახსენეს.

ინტერვიუში, რომელიც 21 მარტს გაავრცელა “მთავარმა არხმა”, ივანე გულაშვილი ამბობს, რომ შსს-შია დასაქმებული, თუმცა ზუსტად არ იცის, რა პოზიციაზეა. გულაშვილის თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტადაა გაფორმებული, თუმცა სინმადვილეში სხვა რამ ევალება, ის ეხმარება მე-7 განყოიფლებას, რომელიც ფარულ ჩანაწერებზე მუშაობს.

“უკანონო თვალთვალი”: უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება სუსის ყოფილი თანამშრომლის მონაყოლზე

მასალების გადაბეჭდვის წესი