ახალი ამბები

გამყრელიძე არ გამორიცხავს, ექთნის გარდაცვალების შესასწავლად უცხოელი ექსპერტები ჩამოვიდნენ

22 მარტი, 2021 •
გამყრელიძე არ გამორიცხავს, ექთნის გარდაცვალების შესასწავლად უცხოელი ექსპერტები ჩამოვიდნენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზების შესასწავლად საქართველოში უცხოელი ექსპერტები ჩამოვიდნენ.

ამირან გამყრელიძის თქმით, თითოეული ასეთი ფატალური გართულების დროს გაწერილია შესაბამისი პროცედურები, რომლის ფარგლებშიც მომხდარის შესახებ ანგარიში შვედეთის ქალაქ უფსალაში მოქმედ წამლების გვერდითი მოქმედების მსოფლიო ცენტრს ეგზავნება, რის შემდეგაც არ არის გამორიცხული, უცხოელი ექსპერტები საკითხის შესასწავლად ადგილზეც ჩამოვიდნენ:

“თითოეული ამ ტიპის ფატალური გართულებისას, რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი წესი, რომლის შესახებ ანგარიში იგზავნება. შვედეთში, უფსალაში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი და იქ ამას აგზავნის რეგულირების სააგენტო.

როდესაც დასრულდება სრული გამოკვლევა, ეცნობება “ასტრაზენეკას“, ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც. თავდაპირველად მიდის მოკლე ანგარიში, შემდეგ კი, უფრო გაფართოებული.

არ არის გამორიცხული, მათი წარმომადგენლები ხშირად ჩადიან ხოლმე და ადგილზე სწავლობენ. აქ სწავლობენ ყველა ნიუანსს იმიტომ, რომ კომპანიაც და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაინტერესებულია, ვითარება იყოს გარკვეული. ეს ძალიან გამჭვირვალე პროცესია”, — ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე დღეს 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. ექთანს “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი 18 მარტს დაუფიქსირდა. თუმცა ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური სამედიცინო დასკვნა იმის შესახებ, განუვითარდა თუ არა გარდაცვლილ ექთანს ანაფილაქსიური შოკი და უკავშირდება თუ არა ის ვაქცინას.

რა (არ) ვიცით ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ამბავზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი