ახალი ამბები

მერია უარყოფს, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე, ფერდზე არსებული ნაპრალები ახალია

20 მარტი, 2021 • 982
მერია უარყოფს, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე, ფერდზე არსებული ნაპრალები ახალია

თბილისის მერიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში ბრიფინგი 20 მარტს გაიმართა.

უწყების განცხადებას წინ უძღოდა სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის ფეისბუქ ლაივი, რომელშიც მან თქვა, რომ  მაჭავარიანის ქუჩაზე, მიწის დანაპრალება შეინიშნება.

“…ბზარები ჯერ ხავსმოკიდებული არ არის და ფაქტობრივად ამ ტერიტორიაზეც უკვე შეინიშნება დაბზარვა. ეს ახალი ბზარებია უკვე”, — ამბობდა ის.

მერიაში ხსენებულ ტერიტორიაზე ახალი ნაპრალების გაჩენას გამორიცხავენ.

“რაც შეეხება გუშინ და დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ვაშლიჯვრის მიმდებარედ გაჩნდა ახალი ნაპრალები, ახალი რღვევები… ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წლებია, არსებობენ და არავითარი საფრთხე ამ ეტაპზე მოსახლეობასთან მიმართებაში არ არსებობს”, — აღნიშნა გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, ერთი მხრივ, ხსენებულ ნაპრალებსა და მეორე მხრივ, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე “მარტის დასაწყისში” გაჩენილ მეწყერს შორის კავშირი არ არსებობს.

“სამომავლოდ არამარტო ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობებზე, არამედ სხვა ლოკაციებზეც, გათვალისწინებულია მონიტორინგული სადგურების ინსტალირება. მე ვარ საქმის კურსში, რომ ეს იქნება მერიის აქტიური ჩართულობით”, — თქვა გაფრინდაშვილმა.

ამავე ბრიფინგზე, თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა თქვა, რომ “რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც არის საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა”. მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად ვის გულისხმობს.

მაჭავარიანის ქუჩაზე, ფერდზე, ახალი ბზარებია გაჩენილი — სეისმოლოგი

მასალების გადაბეჭდვის წესი