მთავრობა აპირებს განიხილოს კოვიდზე სამედიცინო პერსონალის გარდა, სხვა პირების აცრის შესაძლებლობაც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს იმუნიზაციის საბჭო აპირებს განიხილოს საკითხი, რომლითაც სამედიცინო პერსონალის გარდა სხვა მოქალაქეებსაც მიეცეთ ვაქცინაციაზე რეგისტაციის საშუალება. ასე უპასუხა გამყრელიძემ ნეტგაზეთის კითხვას, სამედიცინო პერსონალის მხრიდან ბოლო დღეების მსგავსად დაბალი აქტივობის ფონზე თუ განიხილავს სამინისტრო ან NCDC შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებს, რომელთაც აცრა ენდომებათ, რეგისტრაცია გაატარონ.

გამყრელიძე გვპასუხობს, რომ ამ საკითხის განხილვა იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა ახალციხეში მომხდარი შემთხვევის გამო გადაიდო.

“გუშინ დაგეგმილი იყო ამ საკითხის განხილვა იმუნიზაციის საბჭოზე, მაგრამ სამწუხაროდ, გუშინ ეს ფაქტი მოხდა. ძალიან დამთრგუნველი ფაქტი. ჯერჯერობით სხვა საკითხებზე ვერ ვისაუბრეთ. ეს საკითხი, რასაც მეკითხებით, განიხილება და ეს განიხილება ჯერ სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოზე, მერე საკოორდინაციო საბჭოზე და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება,” – აცხადებს გამყრელიძე.

კითხვაზე, დაახლოებით რა დრო დასჭირდება გადაწყვეტილებას მიღებას, გამყრელიძე გვპასუხობს რომ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 მარტიდან ანუ ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ჯამში 3642 სამედიცინო პერსონალი აიცრა. მაშინ როცა ქვეყანამ კოვაქს პლატფორმისგან “ასტრაზენეკას” 43200 დოზა ვაქცინა მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე ქვეყანაში სამედიცინო პერსონალი უნდა აიცრას. გამყრელიძემ 19 მარტს თქვა, რომ დღეს განსაკუთრებით შემცირდა აცრილთა დღიური რაოდენობა და მედიცინის 109  მუშაკი აიცრა მხოლოდ. იმუნიზაციის გეგმით დღეში დაახლოებით 3000 აცრა უნდა ტარდებოდეს.