ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის იმედი აქვთ. ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული პირობის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმების წინ ე.წ. წითელ ხაზებზე მაინც საუბრობენ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით შეხვედრა ხვალ, 18 მარტსაც გაიმართება.
“ძალიან კარგი შეხვედრა იყო და ბევრი საკითხი განვიხილეთ. სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი, მთავარია ოპოზიციამ რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს მოლაპარაკებების ჩასაშლელად. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის რაღაცებზე პოზიციები შეჯერებული იყო, თუმცა გრძელდება სხვა საკითხების განხილვა. ხვალ დამატებით საკითხებზე გვექნება საუბარი. გვაქვს იმედი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული. სანამ ჩამოვიდოდი [ჟურნალისტებთან], ვნახე მათი [ოპოზიციის წარმომადგენლების] განცხადებები და ეს არის უხეში დარღვევა იმ პირობების, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებთან არის შეთანხმებული. ჩვენ შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ არცერთ დეტალზე არ ვისაუბრებთ ამ მოლაპარაკებების. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პირობა, რაც გვაქვს დადებული ჩვენ და მათაც საერთაშორისო პარტნიორებთან, არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში წითელ ხაზზე არ უნდა ყოფილიყო საუბარი, თქვენ თუ ამ განცხადებებს ნახავთ, საუბარია რამდენიმე წითელ ხაზზე”,-აცხადებს კობახიძე.