ნახევარი კილო ჰეროინის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით  1978 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს.

როგორც სამართალდამცავი უწყება იტყობინება, პოლიციელებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.