“ხაზგასმით ვემიჯნებით” — რიონის ხეობის აქტივისტი ქსენოფობიური ლოზუნგით დაანონსებულ აქციაზე

ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილე, აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი უარყოფს “რიონის ხეობის მცველების” კავშირს ქსენოფობიურ განცხადებასთან, რომელიც სოცქსელში 16 მარტს გავრცელდა. საუბარია “ქართული მარშის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი გიგაურის მოწოდებაზე, რომლის თანახმადაც, უმჯობესია, ნამახვანჰესთან დაკავშირებით შემდეგი აქცია თბილისში 31 მარტს გაიმართოს, ულტიმატუმით- “თურქებმა დატოვონ ხეობა”.

გიგაურის მოწოდებაში ნათქვამია, რომ “[პროტესტის] მუხტის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად ეს [აქციები] ლოგიკურად უნდა გაგრძელდეს თბილისში, სადაც უკვე 100 ათასი კაცი გამოვა და ულტიმატუმს დააყენებს – “დატოვონ თურქებმა რიონის ხეობა!”.

რიონის ხეობის აქტივისტებმა ამ განცხადებასთან კავშირი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებასთან, მათ შორის “ნეტგაზეთთან”, საუბრისას უკვე უარყვეს. მოგვიანებით, ფეისბუქზე პოსტი დაწერა თავად გიორგი გიგაურმაც, რომელშიც აღნიშნა, რომ ხსენებული ლოზუნგი მას ეკუთვნის და კავშირი არ აქვს “რიონის ხეობის მცველებთან”.

16 მარტის საღამოს ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუქ ლაივში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხსენებულ ანონსთან “რიონის ხეობის მცველებს” საერთო არაფერი აქვთ. ის ასევე გაემიჯნა მოწოდების ქსენოფობიურ შინაარსს.

“ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 31 მარტს თბილისში დაგეგმილია აქცია, რომ უნდა გავყაროთ თურქები თუ რაღაც მსგავსი ლოზუნგით… მოგეხსენებათ, რომ ქუთაისში ჩატარებულ ხალხმრავალ აქციაზე დავაანონსეთ, რომ თბილისში ჩავატარებდით უკვე შემდეგ აქციას, გამომდინარე აქედან, ადამიანები მარტივად შეიძლება, შევიდნენ შეცდომაში.

ამიტომ, მინდა, ყველამ, ვინც ჩვენ გვადევნებს თვალს, კარგად იცოდეს, რომ ჩვენგან აქციის თარიღი არ არის ნათქვამი. ჩვენ ველოდებით ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან, რომ შესრულდეს ჩვენი მოთხოვნები და ვუყურებთ პროცესებს. ჯერჯერობით ვართ ნამახვანში…” — დასძენს ის ფეისბუქ ლაივში.

ვარლამ გოლეთიანი მოუწოდებს საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერებს, არ შევიდნენ შეცდომაში, რათა “ამან არ გამოიწვის გახლეჩა საზოგადოებისა, რომელიც გაერთიანდა ამ[ნამახვანჰესის] პრობლემის წინააღმდეგ”. აქტივისტი ასევე ამახვილებს ყურადღებას ქსენოფობიურ ლოზუნგზე და დასძენს, რომ მოძრაობის წევრები ემიჯნებიან მსგავს გამონათქვამებს.

“ლოზუნგზეც მინდა ვთქვა… ის ნამდვილად ატარებს გარკვეულად საფრთხის შემცველ მესიჯს და შინაარსს…  ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ენკამ დატოვოს რიონის ხეობა, აქ არის უბრალოდ კომპანიაზე საუბარი. მართალია, ეს არის თურქული კომპანია და გვიწევს ამ კონტექსტში მოხსენიება იგივე თურქეთისა, მაგრამ, რასაკვირველია, როგორც ახლა ჩვენ გვაბრალებენ, რომ ქსენოფობიური ენა და ასე შემდეგ, არანაირ კავშირში არ არის.

მაგრამ ის აქცია, რომელიც ახლა დაანონსებულია, მისი ლოზუნგი გარკვეულწილად ატარებს ქსენოფობიურ ხასიათს. “გავყაროთ თურქები” და მსგავსი ტიპის ლოზუნგები, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს შეიძლება, გარკვეულწილად, აზიანებდეს. არასწორი დამოკიდებულებაა საკითხის მიმართ.

მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ზოგადად, ვემიჯნებით მსგავსი ტიპის გამონათქვამებსაც. ჩვენ მოზომილი ვართ ამ მიმართულებით და ვცდილობთ, მშვიდობიანად გადავჭრათ ეს პრობლემები. არანაირად ჩვენი მიზანი არ არის, რომ დაპირსიპირებაში შევიდეთ, მით უმეტეს, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან. შესაბამისად, ხაზგასმით ვემიჯნებით მთელ ამ პროცესს…” — აღნიშნავს ვარლამ გოლეთიანი.


„რიონის ხეობის მცველების“ ძირითადი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „ენკა რინიუებლზისთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ შესახებ.

14 მარტის აქციაზე მოთხოვნებს დაემატა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ორგანიზატორები შემდეგ, კიდევ უფრო მასშტაბურ დემონსტრაციას თბილისში, პარლამენტის წინ აანონსებენ, თუმცა თარიღი ჯერ არ დაანონსებულა.

თურქეთის მწვანეთა პარტიამ მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებს.

31 მარტს თბილისში აქცია დაანონსდა ქსენოფობიური გზავნილით, “რიონის ხეობის მცველების’ თქმით, ეს მათი დემონსტრაცია არაა