ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, საიდანაც ციხეში ამ პერიოდის ნახევარს, წელიწადსა და ექვს თვეს გაატარებს. სასჯელის დანარჩენ ნაწილს კი პირობით მოიხდის.
ჟვანია გასული წლის აგვისტოში დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე.
გადაწყვეტილება სასჯელის შესახებ კი დღეს, 16 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღეს. ნეტგაზეთს სასამართლოში უთხრეს, რომ საპროცესო შეთანხმება ბუსა ჟვანიასთან 5 თებერვალს დამტკიცდა.
თავად გოგი თოფაძემ „ტელეკომპანია“ პირველთან საუბარში თქვა, რომ ბუსა ჟვანია საპატიმროს წლის ბოლოსთვის დატოვებს.
პროკურატურამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე ბუსა ჟვანიას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი 3 აგვისტოს წარუდგინა. მანამდე საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 – ე მუხლით იყო დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ-ს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს”, -ნათქვამია პროკურატურის 3 აგვიტოს გავრცელებულ განცხადებაში.
2 აგვისტოს გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ მისი შვილიშვილი, ლევან თოფაძე საკუთარ სახლთან დაჭრეს და ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.