ახალი ამბები

ნიკა მელიას წერილი ციხიდან

15 მარტი, 2021 •
ნიკა მელიას წერილი ციხიდან

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე, ნიკა მელია ციხიდან ღია წერილს აგზავნის, სადაც მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. წერილი 13 მარტით თარიღდება.

მელია ამ წერილში ამბობს, რომ რეალური საარჩენო რეფორმა უნდა შედგეს, ხოლო მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკისგან გათავისუფლდეს.

„ციხიდან ვადევნებ თვალს იმ უზარმაზარ მხარდაჭერას, რასაც საქართველო ჩვენი ამირეკელი და ევროპელი მეგობრებისგან იღებს. მათ სჯერათ ქართველების კეთილგონიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების და სჯერათ, რომ შევძლებთ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვიდეთ.

ეს მხარდაჭერა ძალას და მოტივაციას მმატებს აქ, ციხეში. პროცესი, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით დაიწყო, უდიდესი შანსია, რომ პოლიტიკურ ჩიხს თავი დავაღწიოთ და ქვეყნის მომავლისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გავხსნათ.

ამისთვის საჭიროა, ამ მხარდაჭერას ბოლომდე ჩავეჭიდოთ, სწორად გამოვიყენოთ ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი მეგობრები საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად იჩენენ და ეს კეთილგანწობა არ გავფლანგოთ.

ამისთვის საჭიროა, ოლიგარქის ხელისუფლებამ უპირობოდ გადადგას ის ნაბიჯები, რომლისკენაც მას ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ. ჩვენ რეალური საარჩევნო რეფორმა უნდა განვახორციელოთ და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გასათავისუფლებლად რეალური მექანიზმები შევიმუშაოთ“,- წერს მელია.

მელია დასძენს, რომ „უნიკალური შანსი უნდა გამოვიყენოთ“ და ის რეფორმები გავატაროთ, რომლებიც სახელმწიფოს შტოებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელს გახდის.

„და რაც ყველაზე მთავარია, ამ რეფორმების პარალელურად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ქართულ ოცნებას ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისების დასაძლევად , რომელთაც დრამატულად მძიმე მასშტაბებს მიაღწიეს, აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა.

ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება და ახალი ძალითა და ენერგიით უმძიმესი პრობლემების მოგვარებას შეძლებს“, – ნათქვამია წერილში.

ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ძლიერი თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და სამოქალაქო აქტივისტები ახალი თაობა.

„ამიტომ, ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ და ავტორიტარიზმის იმ ღრმა უფსკრულში არ გადავეშვათ, რომელსაც ერთი ნაბიჯი გვაშორებს.

ამიტომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავერთიანდეთ, უარი ვთქვათ იმპულსურ და ემოციურ გადაწყვეტილებებზე, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადავდგათ და კრიზისი შესაძლებლობად ვაქციოთ“.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა.

ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნაგამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი