ექიმი ზურაბ სიხარულიძე: ავიცერი, ამით ჩემს ჯანმრთელობასაც ვიცავ და პაციენტებსაც

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ერთ-ერთია იმ ექიმებს შორის, რომლებიც დღეს, 15 მარტს კორონავირუსის ვაქცინის საქართველოში შემოსული პირველი პარტიით აიცრნენ.

როგორც სიხარულიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს,  საკუთარი და პაციენტების ჯანმრთელობის დასაცავად აიცრა და აღნიშნავს, რომ “ასტრაზენეკას”, ისევე, როგორც “მოდერნასა” და “ფაიზერის” მიერ წარმოებული ვაქცინები, კორონავირუსული ინფექციით პაციენტების გარდაცვალების შანსებს ნულამდე ამცირებს:

“პირველ რიგში, ვაქცინა გაიკეთა 5-მა მილიონმა ადამიანმა. შესაბამისად, მივიჩნევ, რომ უსაფრთხოა და ნებისმიერი ვაქცინა ამცირებს კორონავირუსისგან სიკვდილიანობას ნულამდე. არ აქვს მნიშვნელობა, “ფაიზერი” იქნება, “მოდერნა” თუ “ასტრაზენეკა”.

მეორე, გართულებები რაც არის აღწერილი, ბევრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის ასტრაზენეკათი გამოწვეული. და მესამე, მაქვს პაციენტებთან შეხება და ამით ჩემს ჯანმრთელობასაც ვიცავ და მათაც, რომ რაიმე არ გადავდო არავის და მეც შევძლო მუშაობა. ეს არის მთავარი მიზეზები და ყველას მოვუწოდებ, არამარტო მედიცინის მუშაკებს, რომ იყოს საშუალება, ყველა უნდა აიცრას. ამ გზით პანდემია დასრულდება” ,- ამბობს ექიმი “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, თავდაპირველად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ პორტალზე გაიარა რეგისტრაცია, სადაც ვაქცინაციის მსურველი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები რეგისტრირდებიან, დათქმულ დროს კი ვაქცინაციის ცენტრში მივიდა, სადაც კითხვარი შეავსო, რის შემდეგაც აცრის პროცედურა ჩაუტარეს:

“დავჯავშნე ონლაინ, მივედი დანიშნულ დროს, გამესაუბრნენ, გამომკითხეს ალერგიულობის შესახებ. შემდეგ შემივსეს საბუთები, სავარაუდოდ, მეორე ინექციისთვის და ავიცერი, დამაყოვნეს ნახევარი საათი და წამოვედი. ძალიან ორგანიზებული იყო [პროცესი] და ყველანაირი პირობა იყო დაცული ვაქცინაციისთვის” ,- ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

დღეს საქართველოში დაიწყო “ასტრაზაენეკას” წარმოებული კორონავირუსის ვაქცინით აცრა. პირველ აცრილებს შორის არიან NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები — მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე და სხვა ექიმები.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა იმ ჯგუფების მიხედვით, ვინც თავდაპირველად უნდა აიცრას, ასე იყოფა: