ახალი ამბები

“სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა” – ვიოლა ფონ კრამონი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს

15 მარტი, 2021 •
“სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა” – ვიოლა ფონ კრამონი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს

გერმანელი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ბოლოდროინდელი მოქმედებებით გადაკვეთა წითელი ხაზები, ხოლო ოპოზიციის ნაწილის სურვილი, “ხალხი გარეთ გამოიყვანონ”, არაა ის, რაც ახლა ქვეყანას სჭირდება.

“საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის და ამ რეგიონის ლიდერი სახელმწიფო. სულ ახლახან ვნახეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ამიტომ ახლა გვჭირდება საქართველო, როგორც მოთამაშე, როგორც აქტორი და არა ქვეყანა, რომელიც ძირითადად საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

“მაქვს იმედი, რომ ყველამ მიიღო ახალი რეალობა, რომ სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა და ახლა მართლა მაქვს იმედი, რომ მთავრობა გაიაზრებს მის პასუხისმგებლობას და იმას, რომ ბოლო ქმედებებით წითელი ხაზები გადაკვეთა”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მისივე თქმით, თუ საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, მაშინ შესაბამისად უნდა მოიქცეს.

“თუ თქვენ მართლაც გსურთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, მაშინ დროა შესაბამისად მოიქცეთ, ამაში იგულისხმება ის, რომ თავის ადგილზე იდგეს კანონის უზენაესობის პრინციპი და დემოკრატიზაციის პროცესი არ ფერხდებოდეს”, – მიაჩნია მას.

ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ოპოზიციის ნაწილის პოზიცია, რომ “ან ახალი არჩევნები, ან არაფერი”, არის მიუღებელი.

“ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ნაწილი, ვისაც ხალხის გარეთ გამოყვანა სურდა, ეს სულაც არაა ახლა ის, რაც ქვეყანას სჭირდება. საჭირო ისაა, რომ მათი მხრიდან დაისვას კითხვა: რა არის ჩვენი დღის წესრიგი, რა გვინდა მმართველი გუნდისგან, რა არის ჩვენი პრიორიტეტი და რა იქნება ჩვენი ნაბიჯი მშვიდობისთვის. და არა ბოიკოტი, ბლოკირება, ან პრინციპი “ახალი არჩევნები, ან არაფერი”  – ასეთი რამ მიუღებელია.

პარლამენტშია საჭირო შესაძლებლობების გამოყენება. პრემიერისგან ველი, რომ გამოიყენებს ნაკლებად პოლარიზებულ და რადიკალურ რიტორიკას. ეს მის ინტერესშია, რათა ვითარება განიმუხტოს”- აცხადებს ევროპარლამენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი