სოსო თოფურიძე ბულგარეთში თავშესაფარს ითხოვს, საქართველო – მის ექსტრადირებას

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანი იოსებ თოფურიძე ბულგარეთშია და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბულგარეთის ბიურო ავრცელებს, რომელმაც სოსო თოფურიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

თოფურიძე საქართველოში პირველი ორი ინსტანციის სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე.

რადიო თავისუფლების ბულგარეთის ოფისის ინფორმაციით, სოსო თოფურიძე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავს ჯერ თურქეთს აფარებდა, შემდეგ კი ბულგარეთში გადავიდა, სადაც ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა. თუმცა ბულგარეთის ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტომ თოფურიძეს თავშესაფარზე უარი უთხრა იმ მიზეზით,  რომ არ არსებობს მტკიცებულება მისი დევნის შესახებ.

რადიო თავისუფლების ცნობით, ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტოს უარის შემდეგ თოფურიძემ სოფიის სასამართლოს მიმართა, რომელმაც იგივე დასკვნა გამოიტანა. მათივე ცნობით, სანამ თოფურიძის საქმე შემდეგ ინსტანციაში განიხილებოდა, ის საქართველოს მოთხოვნით დააკავეს. თოფურიძე სამდღიანი პატიმრობის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ახლა ელოდება პასუხს სასამართლოსგან როგორც ლტოლვილის სტატუსის შესახებ, ასევე საქართველოში მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთი აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ სოსო თოფურიძის ექსტრადირებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 5 იანვარს  ახალაიამ, მის მოადგილე იოსებ თოფურიძესთან, გერონტი ალანიასთან, ოლეგ მელნიკოვთან და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ „მოდულის“ შენობაში, დავით ახალაიას სამუშაო ოთახში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შს სამინისტროს მოქმედ პოლიციის თანამშრომლებს იმ მოტივით, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან ,,ძველ სახლში“ შ.ს. მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას უხეშად მიმართეს.

მელნიკოვზე, დათა ახალაიაზე, გერონტი ალანიასა და თოფურიძეზე ინტერპოლით ძებნა 2012 წელს გამოცხადდა. მელნიკოვი უკრაინაში დააკავეს კიდეც.

სოსო თოფურიძეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა შეწყდა

ფოტო გარეკანზე © რადიო თავისუფლების ბულგარეთის ბიურო