“პასუხის მოთხოვნა” – რას უნთებენ მწვანე შუქს “ოცნების” დეპუტატები

“რაც ბერამ ისაუბრა, მგონი, თითოეული ქართველისთვის, თითოეული კაცისთვის არის გასაგები”, – განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ინტერვიუს შეფასებისას. საქმე ეხება იმ ნაწილს, რომელშიც ბერა ივანიშვილმა თქვა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, დღესაც “მოსთხოვს პასუხს”.

მმართველი გუნდის შეფასებების პათოსი ერთმანეთს ემთხვევა. ვერც ერთი მათგანი, ვინც მედიასთან საუბრისას თუ სხვა საშუალებებით პოზიცია დააფიქსირა, ხსენებულ გზავნილში პრობლემას ვერ ხედავს. ერთ-ერთმა დეპუტატმა კი ისიც თქვა, რომ თავადაც ასე მოიქცევა, როცა შეურაცხყოფას მიაყენებენ.

რას გულისხმობს “პასუხის მოთხოვნა?” მიმდინარე დღეებში გავრცელებული აუდიოჩანაწერებისა თუ შემდგომ გამართული დისკუსიის ფონზე, კრიტიკოსები არ ფიქრობენ, რომ ბერა ივანიშვილი თუ “ოცნების” დეპუტატები  კანონის ჩარჩოში მოქმედებას გულისხმობენ.

ეს კი, “ნეტგაზეთის” რესპონდენტების თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როცა საზოგადოების ნაწილში, მათ შორის, ბავშვებსა და მოზარდებში, კვლავ არსებობს კომპლექსები,  სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის კუთხით თუ  სამართლებრივი გზებით ბრძოლის ნაცვლად პირადი ანგარიშსწორებისკენ მისწრაფება, რაც ხშირად დრამატულად სრულდება.

რა თქვა ბერამ?

9 მარტს, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ პირველად, ბერა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში თქვა, რომ არ ისაუბრებს აუთენტურობაზე იმ ჩანაწერებისა, რომლებშიც, “ტვ პირველის” თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან ერთად ათანხმებს, როგორ უნდა “დაისაჯონ” მის მიმართ სოც. ქსელებში დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

თუმცა ბერა ივანიშვილმა იქვე დასძინა, რომ დღესაც იმავეს იზამს, თუ ვინმე მის ოჯახს შეაგინებს:

“მე არც დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვდგავარ.

მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს”, – თქვა მან.

ბერა ივანიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია “პირველის” გავრცელებულ ჩანაწერებში საუბრები 2011 წელს შედგა, როდესაც თავად 15-16 წლის იყო.

ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ამ პერიოდში მისი და მისი მხარდამჭერების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის კამპანიას და იძულებული იყო აღნიშნული ფაქტების შესახებ დაცვის სამსახურისთვის ეცნობებინა, რომლის წარმომადგენლებიც, ბერას განცხადებით, “ყველა კანონის, ეთიკისა თუ მორალის” წესების დაცვით მიდიოდნენ ამ ადამიანებთან და სიტყვიერად აფრთხილებდნენ. ის, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი, უარყოფს ანზორ ჩუბინიძეც.

სიმართლეს ამბობენ თუ არა ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი თარიღთან და შინაარსთან მიმართებაში? – ამის გასარკვევად სამოქალაქო ჯგუფები და ოპოზიციური პარტიები პროკურატურას გამოძიების დაწყებისაკენ მოუწოდებენ, მით უმეტეს, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის კრიტიკის გამო სხვადასხვა ფორმით დააშინეს, შეავიწროეს და, რბილად თუ ხისტად, კრიტიკის წაშლა მოსთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ მასმედიის საშუალებებით მოძიებული ცნობები კანონმდებლობით წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველია, პროკურატურას ამ საკითხებზე ჯერ გამოძიება არ დაუწყია. გამოძიება ჯერ მხოლოდ იმის გასარკვევად მიმდინარეობს, თუ ვინ ჩაიწერა და გაავრცელა ზემოხსენებული საუბრები.

არაფერია განსაკუთრებული და დასაძრახი – გამოხმაურებები “ოცნებიდან”

ბერა ივანიშვილის ინტერვიუს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები 10 მარტის დილიდან აფასებდნენ. განცხადებების შინაარსი ძირითადად ერთმანეთს ემთხვეოდა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ბერას ამ განცხადებას “ემოციურს” უწოდებს, ფიქრობს, რომ ეს სიტყვები “უარყოფითი დასკვნების გაკეთების საფუძველს” არ იძლევა  და მის მიერ “დასაძრახი” არაფერი თქმულა

აღნიშნულს სარჯველაძის მოადგილეც იზიარებს: ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ შეურაცხყოფაზე პასუხის მოთხოვნა “ბუნებრივია”, შემდგომ კი დასძენს:

“მინდა გითხრათ, რომ მეც და თქვენც თუ შეურაცხყოფის ობიექტი გავხდებით, ნამდვილად პასუხს მოვითხოვთ ამაზე ისევე, როგორც საქართველოს ყველა ღირსეული ადამიანი”.

ინტერვიუს ამ ფრაგმენტში ვერც დავით სერგეენკო ხედავს რაიმე განსაკუთრებულს. როგორც ამბობს, ბერა ივანიშვილმა  “დააფიქსირა ის, რომ თუკი მისი ოჯახის შეურაცხყოფა იქნებოდა, ამაზე მომავალშიც გააკეთებს რეაგირებას”.

“ამაში რაღაც განსაკუთრებული არ მგონია, რომ იყოს”, – დასძინა მან.

“ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი ნოდარ ტურძელაძე ამბობს, რომ ძალადობის წახალისებას ემიჯნება, თუმცა გარკვეულ შეურაცხყოფას “ვერ გაატარებს”.

“ბერამ რაც ისაუბრა, მე მგონი, თითოეული ქართველისთვის, თითოეული კაცისთვის არის გასაგები. როდესაც გვაყენებენ შეურაცხყოფას, აყენებენ ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, ამაზე გვაქვს რეაქცია. ამაზე განმარტებები გააკეთა ბერამ.

…ძალადობას არანაირი სახით, არავითარ შემთხვევაში არ წავახალისებთ პირადად მე და არც ჩვენი გუნდი. მაგრამ არის კონკრეტული შეურაცხყოფა, რომელთან დაკავშირებითაც ვერ გაატარებ ადამიანი”, — აღნიშნა ტურძელაძემ.

პასუხის მოთხოვნა კანონით და “კუსტარულად”

“ქართულ ოცნებაში” გასულ დღეებშიც ბევრს საუბრობდნენ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, თუმცა ბერა ივანიშვილის ინტერვიუმდე მათი აქცენტები განსხვავებული იყო. ძირითად შემთხვევებში, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ხსენებული ჩანაწერი 10-11 წლის წინანდელი სატელეფონო საუბრების ფრაგმენტებით აწყობილი “ფაბრიკაციაა”, რომელიც არ ასახავს რეალობას.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა 9 მარტის ინტერვიუთი “ცივი წყალი გადაავლო” “ოცნების” დეპუტატების აღნიშნულ რიტორიკას. ის ფიქრობს, რომ ბერამ გუშინდელი ინტერვიუთი დაადასტურა, რომ “ეს სიტყვა მას ეკუთვნის და დიახაც, სწორად მოიქცა და ახლაც ასე მოიქცევა. შეიძლება ითქვას, მან დაადასტურა ჩანაწერის ავთენტურობა”.

თუმცა, კაჭკაჭიშვილის აზრით, პრობლემა გაცილებით ღრმაა და ბერასა თუ “ოცნების” წევრების რიტორიკა გულისხმობს “ქუჩის სამართალს”, რომლის ფარგლებშიც დგება არა სამართლებრივი დღის წესრიგი, არამედ ქაოსი და “ყველას ომი ყველას წინააღმდეგ”.

“თვითონ ეს განცხადება არის თავისი შინაარსით მავნებლური. მეორე მხრივ, ამ მავნებლობის ხარისხი იზრდება, როცა მის შინაარსს კვერს უკრავს ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი.

რატომ არის მავნებლური და რა არის ამ განცხადების შინაარსი? ის, რომ შეურაცხყოფაზე ადეკვატური პასუხი არის შეურაცხმყოფელის დასჯა გარკვეული ძალადობრივი ფორმების გამოყენებით.

ლაპარაკია ქუჩის სამართალზე, ჩრდილოვან სამართალზე, როდესაც შეურაცხყოფის მიმყენებელზე რეფლექსია ხდება არა სამართლებრივ ნორმებზე გავლით, არამედ, ქუჩის სამართლისა და მგლური კანონების შესაბამისად. ამიტომ, რასაკვირველია, იმ სივრცისთვის, რასაც დემოკრატიული სივრცე ჰქვია, ეს აბსოლუტურად არაადეკვატურია”, – ეუბნება იაგო კაჭკაჭიშვილი “ნეტგაზეთს”.

სოციოლოგის სიტყვებით, შესაძლოა, “ქართული ოცნების” დეპუტატებს სულაც არ უფიქრიათ, რომ თავიანთი განცხადებებით მწვანე შუქს უნთებდნენ კანონს მიღმა მოქმედების პრაქტიკას და მათ უბრალოდ “კოჭი გაუგორეს” ბიძინა ივანიშვილს მისი ვაჟის გავლით. თუმცა, კაჭკაჭიშვილის აზრით, ნებსით თუ უნებლიეთ, მათ ეს გააკეთეს:

“თანაც, ეს მწვანე შუქი ასევე გულისხმობს იმას, რომ შენ შეგიძლია, ამ კუსტარულ ანგარიშსწორებაში მხოლოდ შენი თავი კი არ ჩართო, არამედ ძალაუფლების სხვა აქტორებიც და მათ შორის, ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებიც.

მაგალითად, [შეგიძლია] წაიყვანო დაცვის სამსახურის უფროსი და “დააკაჩაო” ის, ვინც შუერაცხყოფა მოგაყენა. ხომ ყველა ვხვდებით, ამან რა შეიძლება წაახალისოს. ეს არის უკვე თვითნებობაზე და არა კანონზე დაფუძნებული სოციალური ველი”.

“არ ვიცი, რით დავარწმუნებ ამ ბავშვებს, რომ სჯეროდეთ საკუთარი სახელმწიფოსი”

ანა არგანაშვილი ბავშვების ადვოკატია. ხშირად უწევს, სხვადასხვა ფორმით ძალადობის მსხვერპლი ბავშვები დაარწმუნოს, რომ ენდონ სახელმწიფოს და მსგავსი გამოცდილების შემთხევაში, შესაბამის უწყებებს მიმართონ. როგორც ამბობს, ეს მარტივი საქმე არ არის, ვინაიდან არასრულწლოვნებს ეშინიათ, რომ მათ არავინ დაეხმარება.

არგანაშვილი ფიქრობს, რომ გზავნილები, რომელთაც დილიდან ისმენს, მეტად გაართულებს ბავშვებში სახელმწიფოსადმი ნდობის გაჩენის პროცესს.

“დეპუტატი უნდა იყოს როლური მოდელი ჩვენი ბავშვებისთვის; ის, ვისზეც შეიძლება ვუთხრათ მათ, რომ აი, შეხედეთ, როგორ არ უნდა გჯეროდეს, მაგალითად, პარლამენტის, რომ შენზე იზრუნებენ და კანონს გამოსცემენ… ან როგორ არ უნდა გჯეროდეს მთავრობის? მე ამ არგუმენტს ვკარგავ და არ ვიცი, რით დავარწმუნებ ამ ბავშვებს, რომ სჯეროდეთ საკუთარი სახელმწიფოსი. ეს არის ჩემთვის მთავარი პრობლემა.

მე უკვე ძალიან მიჭირს, ვესაუბრო კონკრეტულ სოციალურ მუშაკს, მასწავლებელს, რომ თუ გაიგებენ ბავშვთა ძალადობაზე, მიმართონ სახელმწიფო უწყებებს ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც დეპუტატები კანონისა და სამართლისგან გასულ კომენტარებს აკეთებენ. ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ეს მოვლენა აისახება არა დღეს, არამედ წლების შემდეგაც”, – ამბობს ადვოკატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

საზოგადოების ნაწილში ფესვგამდგარი სტერეოტიპების გასაქარწყლებლად ბავშვებთან მუშაობა ფსიქოლოგ მაია ცირამუასაც არაერთგზის უხდება. მისი თქმით, დრამატული შედეგები ახლავს დამოკიდებულებას, რომ მშობლისგან, მასწავლებლისგან თუ პოლიციელისგან დახმარების თხოვნა სისუსტეა, ძალის დემონსტრირება და თვითნებურად მოქმედება კი – სწორი საქციელი.

“ჩვენ სულ ვფიქრობთ, რომ რაღაცნაირად შევცვალოთ და სამართლებრივი კულტურა და აზროვნება დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში… მაგრამ 10-დან 9 მოზარდი გიპასუხებთ, რომ ასე არ მოიქცევა და ბევრ არგუმენტს გეტყვით, რატომ არ მოიქცევა.

ზუსტად აქედან ჩანს ძვალსა და რბილში გამჯდარი კრიმინალური ცნობიერება, რომელიც კარგად არის შეზავებული პატრიარქალურ ნორმებთან. ისინი ერთმანეთს ისე კვებავენ და აძლიერებენ, რომ მე არ ვიცი, როგორ შეიძლება, ჩვენ ამისგან გავთავისუფლდეთ. უკვე ნორმაა თითქოს ჩვენს საზოგადოებაში”, – დასძენს ფსიქოლოგი.

დეპუტატების მიერ ზემოთ გახმიანებული შეფასებები მაია ცირამუასაც პრობლემურად მიაჩნია და ფიქრობს, რომ ამით ხელი ეშლება მისი კოლეგების თუ სხვა ადამიანების ძალისხმევას იმ ფონზე, როცა ბავშვები და მოზარდები მსგავს გზავნილებს ისმენენ.

“იმ ადამიანებისგან, რომლებიც ქმნიან პოლიტიკურ ამინდს თუ კანონებს ამ ქვეყანაში, მართლაც გამაოგნებელია ასეთი მოსაზრებების მოსმენა: წახალისება პატრიარქალურ კულტურაში დამკვიდრებული ნორმებისა, ამ ე.წ. ტოქსიკური მასკულინობისა, რომ კაცს როგორ შეიძლება, შეჰკადრონ, ეს სისუსტეა, თუ თავს არ დაიცავს და ა.შ.

…ჩვეულებრივ პრაქტიკაშიც რომ ავიღოთ: დავუშვათ, როცა ბულინგის შემთხვევებია ბავშვებს შორის. მოგვარებას როგორ ვცდილობთ ხოლმე? ისევ და ისევ ასეთი არალეგიტიმური გზებით: ვიღაცას ვიღაცას მივუგზავნით, ვიღაცა ვიღაცას დააშინებს, ვიღაცას უფრო გავლენიანი მშობელი ჰყავს, ვიღაცას – ნაკლებად გავლენიანი…

ანუ, ეს მოდელი ყოფით ცხოვრებაში ძალიან ცუდად ტრიალებს. ზუსტად ეს არის ამოცანა, რომ ვასწავლოთ ადამიანებს, განსაკუთრებით – ახალგაზრდებს, რომ საკუთარი უფლებების დაცვა უნდა მოხდეს კანონის გვერდის ავლით კი არა, კანონის [დაცვით]”.

ამავე თემაზე გირჩევთ

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით