“რ2-ის” სარეკლამო შემოსავლებმა 2020-ში 9.3 მილიონით დაიკლო — კომუნიკაციების კომისია

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” სარეკლამო შემოსავლები 2020 წელს 9.3 მილიონი ლარით შემცირდა. ინფორმაციას ტელეკომპანიების სარეკლამო შემოსავლებზე კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

“რუსთავი 2-მა” 2020 წელს 12.8 მილიონის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 2.1 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამა იყო. აღნიშნული ტელეკომპანიის სარეკლამო შემოსავლების დრამატულ ვარდნას წინ უძღოდა 2019 წლის ზაფხულში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც, “რუსთავი 2” მთლიანად გადავიდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში, დირექტორად კი იურისტი პაატა სალია დაინიშნა. ტელეარხიდან თავდაპირევლად გაათავისუფლეს დირექტორი ნიკა გვარამია თავის მოაადგილებიანად, ასევე, რამდენიმე ცნობილი ტელესახე. ჟურნალისტების ნაწილმა კი მედიასაშუალება თავად დატოვა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2020 წელს ასევე შემცირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლები. საზმაუმ გასულ წელს 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც, წინა წელთან შედარებით 344 ათასი ლარით ნაკლებია.

როგორც კომუნიკაციების კომისია აცხადებს, 2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 75.2 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც, გასულ წელთან შედარებით, ჯამურად, 7.6 მილიონი ლარით, ანუ 11%-ით მეტია. თუმცა, მარეგულირებისვე ცნობით, სარეკლამო შემოსავლებმა მოიმატა მხოლოდ პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე, კომერციული რეკლამა კი პირიქით, 9%-ით არის შემცირებული.

საერთო ჯამში, მიღებული შემოსავლებიდან 13.9 მილიონი ლარი ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდანაა. რაც შეეხება კომერციული რეკლამის შემცირებას, მარეგულირებელი აღნიშნულს პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებსა და შედეგად, ბიზნესის აქტივობის შემცირებას უკავშირებას.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაცით, სარეკლამო შემოსავლებით ბაზარზე ლიდერია ტელეკომპანია “იმედი”, რომელმაც 2020 წელს 29 მილიონი ლარი მიიღო.

2020 წელს კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლები ტელეკომპანიებზე შემდეგნაირად ნაწილდება:

სარეკლამო შემოსავლების 8% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა. კომისიის ცნობით, 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე სურათი შეიცვალა და ამჟამად რეკლამის 79% ოთხ კომპანიაზე მოდის.

პროცენტულად, სარეკლამო შემოსავლები ასე ნაწილდება:

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, 2020 წელს მათი სარეკლამო შემოსავლები 6.8 მილიონ ლარამდე იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით ნაკლებია. რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების კლებას კომუნიკაციების კომისია დიდწილად სწორედ პანდემიას უკავშირებს.