არ ვაპირებთ პროექტის საფუძვლიან რევიზიას – თურნავა „ნამახვანზე“

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სახელმწიფო არ აპირებს ნამახვანჰესის პროექტის „საფუძვლიან რევიზიას“.

„მინდა დავაზუსტო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ [ნამახვანჰესის] პროექტის საფუძვლიან რევიზიას, იმიტომ, რომ ეს პროექტი დამტკციებულია“, – განაცხადა მინისტრმა 9 მარტს პარლამენტში გარემოს დაცვის და ეკონომიკის საკითხების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

„მთავრობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ჩვენი პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს. მაგრამ ვაპირებთ, რომ გავხსნათ … პროცესი არის მიმდინარე და თუ დამატებით კვლევაა საჭირო, მაშინ გავაკეთოთ“, – განაცხადა თურნავამ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის, დავით ჭიპაშვილის კითხვაზე პასუხად.

ნამახვანი ჰესი

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონი აშშ დოლარია და აშენებს თურქული კომპანია „ენკა“ (სრულად: „ენკა რინიუებლზ“, ყოფილი „ქლინ ენერჯი გრუფი“).

ადგილობრივებთან/მოსახლეობასთან ერთად, მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები,  მათ შორის EMC, საია, „მწვანე ალტერნატივა“, რომლებიც პროცესში სხვადასხვა ტიპის ხარვეზის არსებობაზე მიუთითებენ.

EMC-მ 3 მარტს გამოაცხადა, რომ  2019 წლის 25 აპრილს სახელმწიფოსა და ინვესტორს, „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებულ 251-გვერდიან ხელშეკრულება კაბალურ პირობებში ამყოფებს სახელმწიფოს. კერძოდ:

სოციალური პროტესტი

ადგილობრივი მოსახლეობა, თანდათანობით გაზრდილ მხარდამჭერებთან ერთად, უკვე 4 თვეზე მეტია, რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება.

პარლამენტსა და მთავრობაში ნამახვანჰესზე ყურადღებას მას შემდეგ გაამახვილეს, რაც პროტესტი ახალ განზომილებაში გადავიდა: 28 თებერვალს, ქუთაისში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა ამ პროექტის წინააღმდეგ, რასაც სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა დაესწრო.

საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ახალგაზრდა ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა გამოაცხადა, რომ ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევენ, რათა მშენებლობა შეჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან ქალაქ ქუთაისის პიკეტირება დააანონსა.

ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრები 5 მარტს ნამოხვანში, რიონის ხეობაში ჩავიდნენ, „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდნენ და დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა პარასკევს, 12 მარტს არის ჩანიშნული.

ნახეთ ასევე:

„არ ვიცი, რამდენად გამოდგება“ – თურნავა „ნამახვანის“ პროექტის ჰოლანდიური ორგანიზაციის მიერ შესწავლაზე