ახალი ამბები

4 პირი მარტვილიდან კვლევებისთვის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს – ევექსი

8 მარტი, 2021 • 508
4 პირი მარტვილიდან კვლევებისთვის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს – ევექსი

„ევექსში“ ამბობენ, რომ მარტვილის ინციდენტის შემდეგ შემოყვანილი 6 პაციენტიდან 4 დამატებითი გამოკვლევებისთვის სხვა მრავალპროფილურ კლინიკებში გადაიყვანეს.

„ევექსის“ თქმით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ იყო, თუმცა დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ამ ეტაპზე არცერთი დაშავებული „ევექსის“ კლინიკაში არ იმყოფება.

დღეს, 8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მათ შორის, დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

6 დაშავებული „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც 2 გაეწერა, ხოლო 4 სხვა საავადმყოფოში მოათავსეს დამატებითი კვლევებისთვის.


როგორც ჟურნალისტები ყვებიან, მოაჯირის ჩამოვარდნამდე მარტვილის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა, გარეთ კი შეკრებილი იყვნენ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მომხრეები. ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა.

“ხმაური გამოდიოდა სხდომიდან, შევეცადეთ კართან ახლოს მივსულიყავით. შიგნით უკვე ხელჩართული ჩხუბი იყო, რაც მე ვნახე. რამდენიმე სასულიერო პირი შეეცადა, დაეტოვებინა შიდა ტერიტორია. კარი რომ გაიღო, მოგვაწვნენ და მოინგრა ხის მოაჯირი”, – ამბობს “ტვ პირველის” ჟურნალისტი პაპუნა შუშანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი