შსს-მ გამოძიება დაიწყო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე.

დღეს, 8 მარტს, ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 10-მდე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, დაშავდა.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


როგორც ჟურნალისტები ყვებიან, მოაჯირის ჩამოვარდნამდე მარტვილის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა, გარეთ კი შეკრებილი იყვნენ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მომხრეები. ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა.

“ხმაური გამოდიოდა სხდომიდან, შევეცადეთ კართან ახლოს მივსულიყავით. შიგნით უკვე ხელჩართული ჩხუბი იყო, რაც მე ვნახე. რამდენიმე სასულიერო პირი შეეცადა, დაეტოვებინა შიდა ტერიტორია. კარი რომ გაიღო, მოგვაწვნენ და მოინგრა ხის მოაჯირი”, – ამბობს “ტვ პირველის” ჟურნალისტი პაპუნა შუშანია.

მოგვიანებით “ევექსის” კლინიკაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მათთან 6 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან 1 დამატებით კვლვებს საჭიროებს და მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. 5 პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურია და მათი გამოკვლევები გრძელდება.