უახლოეს მომავალში ანაკლიის პორტზე ტენდერი გამოცხადდება — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა დასძინა, რომ ანაკლიის პორტს ხელისუფლებისგან ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა.

„შეგახსენებთ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულებები. მათ შორის, მხოლოდ ძირითადი ვალდებულებები გადავადდა 3-ჯერ, ასევე მთავრობამ გამოისყიდა და გადასცა ინვესტორს 58 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ტერიტორია. ჩვენ ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულება.

ასევე, გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს. გარდა ამისა, დამატებით საპარტნიორო ფონდი მზად იყო ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ დოლარის ოდენობით, იმ პირობით, რომ ინვესტორი შეძლებდა აღებული ვალდებულებების შესრულებას“ ,— ამბობს ის.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, ვერ მოიძია საჭირო კაპიტალი და 400 მლნ დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსება.

„ახალი პოტენციური ინვესტორის მოძიების პროცესს დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ეკონომიკის სამინისტრო, შესაბამისი სატენდერო სააგენტო ტენდერის გამოცხადების პროცესს დაიწყებს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში“. — განმარტავს ღარიბაშვილი.


2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტს.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC  Hodling (საქართველო)

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით