საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის, “სამოქალაქო სოლიდარობის პლატფორმის” წევრი ორგანიზაციები საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს მთავრობის მიერ პროვოცირებულად აფასებენ და საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულ, დაუსაბუთებელ დაკავებად და შერჩევითი მართლმსაჯულების გამოვლინებად აფასებენ. ასევე, საუბრობენ სამართალდამცველების არაპროპორციულ ჩარევაზე გამოხატვის თავისუფლებაში.
“ბოლოდროინდელი მოვლენები შეიძლება განვიხილოთ, როგორც შემაშფოთებელი და სახიფათო პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და ჟურნალისტებს, ზღუდავს პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების სივრცეს, ასევე, აგრესიული რიტორიკით ახალისებს თავდასხმას განსხვავებულ მოსაზრებებზე. ჩვენ შეშფოთებული ვართ მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო გააღრმაოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნიკა მელია, თავი შეიკავოს მოქმედებებისგან, რომლებიც პოლიტიკური კრიზისის ესკალაციას უწყობს ხელს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა კრიზისის დასარეგულირებლად, შევიდეს რეალურ დიალოგში ოპოზიციასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ეუთოს აღმასრულებელ და პოლიტიკურ ორგანოებს და წევრ სახელმწიფოებს, ხელი შეუწყონ შემდგომი კონფრონტაციის პრევენციას და სათანადო რეაგირება მისცენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და იმუშაოს დემოკრატიური ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად და არა დასასუსტებლად”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს აწერს 17 არასამთავრობო ორგანიზაცია:
“სამოქალაქო სოლიდარობის პლატფორმა” აერთიანებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ევრაზიასა და აშშ-ში.