“ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტია “მოქალაქეებთან” გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც, მისი თქმით, განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

როგორც დღეს, 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვილმა თქვა, ცვლილებების პროექტი ფუნდამენტურად დახვეწს როგორც საარჩევნო სისტემას, ისე საარჩევნო პროცედურებს და დაასრულებს ყველა სახის სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით.

პაპუაშვილმა მოკლედ წარადგინა ის ცვლილებები, რომლებსაც პროექტი ითვალისწინებს:

პაპუაშვილის განცხადებით, მემორანდუმის ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ღიად რჩება, საარჩევნო ბარიერია, რადგან მე-10 მოწვევის პარლამენტში ამ ცვლილებისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა წარმოდგენილი არ არის.

“როგორც იცით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა კონსტიტუციით გათვალისწინებული 5%-დან მაქსიმუმ 3%-მდე. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა [113 დეპუტატი], რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად.

რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს დაახლოებით ორთვიანი მუშაობა, მანამ, სანამ პარლამენტი პროექტს მესამე მოსმენით მიიღებს. ამ პერიოდში სამუშაო ჯგუფთან კვლავ გავაგრძელებთ პროექტის დახვეწას ისევე, როგორც ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის დეტალების განხილვას. ამასთან, პროექტი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას და ODIHR-ს ერთობლივი დასკვნისთვის”, — აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ “მოქალაქეებმა” “ქართულ ოცნებასთან” საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და შეთანხმების გაფორმების შემდეგ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებოდნენ. შეთანხმება ეხებოდა ძირითადად საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც მემორანდუმის სახით გაფორმდა.

“ოცნების” და “მოქალაქეების” მემორანდუმი — სრულად