ახალი ამბები

სიღარიბეში მყოფი უსახლკარო ონკოპაციენტი ქალი დახმარებას ითხოვს

1 მარტი, 2021 • 1159
სიღარიბეში მყოფი უსახლკარო ონკოპაციენტი ქალი დახმარებას ითხოვს

ელისო მუმლაძე, რომელიც თბილისში ცხოვრობს, უკვე წლებია, რაც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, თუმცა, როგორც ის ნეტგაზეთს უყვება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კლვევებს უსახსრობის გამო ვერ იკეთებს.

ამ დროისთვის ელისო მუმლაძე თბილისში, პატარა სახლში დედამთილთან და ქმართან ერთად ცხოვრობს. დედამთილი, 81 წლის ქალი, ლოგინადაა ჩავარდნილი, სამედიცინო პრობლემები აქვს ქმარსაც.

სახლის დაკარგვა, დიაგნოზი და უარი სახელმწიფოსგან

„ჩვენ ვცხოვრობდით ჭიათურის პატარა სოფელში. 5 დედმამიშვილი ბედნიერად ვცხოვრობდით, გახარებული ვიყავით – ჩაცმა და საჭმელი არ გვაკლდა. დედა მეაბრეშუმე იყო, მამა მაღაროში – მემანქანე. რომ არა ეს ავადსახენებელი დღე, ყველაფერი კარგად იყო – იმ დღეს მიწის ქვეშ მაღარომ გაიარა და აირ-დაირია მიწა, სახლი დაიშალა. კომუნისტების პერიოდი იყო და ჭიათურაში სახლი მოგვცეს, დანგრეული სახლის ნაწილები მასალად ჩაიბარეს და ფულიც გადაგვიხადეს.

კომფორტულად მოვეწყვეთ.. ჩემი მშობლები ბინაში მაინც ვერ ძლებდნენ, მშრომელი ხალხი იყო და მიწაზე გავიდნენ სამუშაოდ, იქვე „მოქოხეს“ პატარა საცხოვრებელი, ადიოდნენ იქ და საღამოს ჩამოდიოდნენ სახლში. 1991 წელს მოხდა მიწისძვრა, დაანგრია კორპუსი, ძლივს გამოიყვანეს ხალხი, მიწისძვრამ ჩვენი სახლიც დაანგრია და ჩვენ შეგვასახლეს მაღაროს საერთო საცხოვრებელში“, – იხსენებს ელისო მუმლაძე ჩვენთან საუბრისას.

სახლის დანგრევიდან მალევე ქალის მამა გარდაიცვალა – „ვერ გაუძლო ამდენ დარტყმას“, ხოლო ოჯახი მაღაროელთა საერთო საცხოვრებლის პატარა ოთახში გადაიყვანეს. ელისო მუმლაძე იხსენებს, რომ პატარა ოთახში დედასთვის ცხოვრება შეუძლებელი აღმოჩნდა და ოჯახი მანამდე აშენებულ ქოხში გადავიდა საცხოვრებლად.

ელისო მუმლაძის ქოხი. ფოტო: ელისო მუმლაძე

„იმ პატარა ქოხში გადავედით საცხოვრებლად. დედა იქ დაიღუპა, იქიდან დავასაფლავეთ. ზამთარი რომ მოვიდა, იმ ზამთარს ვერ გაუძლებდა ის ქოხი და მეზობლის ნანგრევებში გადავედით, რომ ზამთარი გაგვეძლებინა. ძმა იქ დამეღუპა, ყველანი სულ სხვისი სახლებიდან დავასაფლავე. ბოლოს თბილისში წამოვედი, აღარაფერი გაგვაჩნდა…
ამის შემდეგ ვეწვალები..,“.

თბილისში გადმოსვლის შემდეგ მუმლაძემ რამდენჯერმე მიმართა დევნილთა, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს. ამბობს, რომ წლების წინ დაჰპირდნენ, სხვა რაიონში ბინას მისცემდნენ – „მაგრამ მე ვერ წავიდოდი ძალაინ შორს, იმიტომ, რომ ონკოპაციენტი ვარ და თბილისის ექიმებზე მიჯაჭვული.. ვინ მატარებდა ყოველ წუთში ამ ექიმებთან“, – დაპირება კი დაპირებად დარჩა.

„ამიტომ ასე დავრჩი უსახლკაროდ, ახლა მივწერე პანდემიის დასაწყისისას დევნილთა სამინისტროს და მომწერა პასუხი, საბუთებიც მაქვს, რომ მიწისძვრა სტიქიად არ ითვლება და თქვენს საქმეს ვერ განვიხილავთო. რაღა უნდა მექნა.. ახლა ვიღას მივმართო, არ ვიცი“.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხი. ფოტო: ელისო მუმლაძე

ამჟამად ელისო მუმლაძე კაკლიანის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარებაა, რომელიც ვერ ფარავს ავთვისებიანი სიმსივნის გამოკვლევის ხარჯებსაც კი.

მეგობრებო, ჩემი მდგომსრეობა ბევრმა იცით. ვარ ონკოავადმყოფი. სოციალურად დაუცველი და უსახლკარო. უკიდურესად გვიჭირს და თავი ძლივს…

Posted by ელისო მუმლაძე on Wednesday, 28 October 2020

„მე ერთი მკერდი მოკვეთილი მაქვს, დაბლა გინეკოლოგიურად ყველაფერი ამოკვეთილი მაქვს. ერთადერთი ჩვენი შემოსავალი არის სოციალური 50-ლარიანი დახმარება.. პენსიამდე ვერ მივედი, მეკუთვის, მაგრამ ვერ გავიკეთე..

ასევე ვერ ვიკეთებ გამოკვლევებს, არადა, სერიოზული ანალიზები მჭირდება. თუნდაც, უბრალო სისხლის ანალიზი, ფორმა 100-ები და ა.შ. არ მიფინანსდება.. უარის შემდეგ მოვედი სახლში და ვზივარ. 2000 ლარი მაინც სჭირდება ჩემს გამოკვლევებს. [სახელმწიფო პროგრამებით] ძირითადად ფინანსდება ქიმია, წამლები – უკვე მეოთხე სტადიისკენ. მანამდე მე შეიძლება მჭირდება კიდეც… მაგრამ იქამდე ვერ მივედი, რა მჭირდება, ისიც არ ვიცი. ძალიან გვიჭირს, ძალიან“, – გვიყვება ქალი.

როგორც ოფიციალური პასუხებიდან ჩანს, ელისო მუმლაძემ დახმარებისთვის მიმართა როგორც მერიას, ასევე სამგორის გამგეობას, თუმცა ვერც ერთი უწყება ვერ დაეხმარა, ვინაიდან ქალი ჭიათურაშია ჩაწერილი.

„სადმე ერთი პატარა ქოხი რომ მქონდეს, ჩემს შვილსაც მიკროსაფინანსომ ბინა გაუყიდა, ორი შვილით არის.. ორი ოჯახი ერთად ვიცხოვრებდით, რამე რომ გვქონოდა. არავინ მომაქცია ყურადღება,“.

ნეტგაზეთმა ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. უწყებამ გვითხრა, რომ პირად ინფორმაციას მესამე პირზე ვერ გასცემდა.


სურვილის შემთხვევაში, ელისო მუმლაძეს შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ საბანკო რეკვიზიტებზე:

ლიბერთი ბანკი – GE25LB0211195269468000
თიბისი ბანკი – GE06TB7159245061600028
საქართველოს ბანკი – GE30BG0000000678330000
მიმღები – ელისო მუმლაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი