ახალი ამბები

„მოწყალების დების“ ბრძოლა 1921 წლის ფრონტის ხაზზე სიცოცხლეების გადასარჩენად

25 თებერვალი, 2021 • 2091
„მოწყალების დების“ ბრძოლა 1921 წლის ფრონტის ხაზზე სიცოცხლეების გადასარჩენად

მაშინ, როცა საქართველოს პირველი რესბულიკა წითელ არმიას ებრძოდა, ამ ბრძოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა „მოწყალების დებს“. ეს იყო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელთა წევრებიც საქართველოს ისტორის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე წუთებში საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი მხარში ედგნენ დაჭრილ ან/და მიტოვებულ სამხედროებსა და მოქალაქეებს.

„მოწყალების დები“ საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ ერთგვარი დანაყოფი იყო და მაშინაც კი, როდესაც 1921 წელს თბილისი დაეცა, მათი ნაწილი ქალაქში დარჩა, კურნავდა დაჭრილებს, ხოლო გარდაცვლილებს ასაფლავებდა.

უცნობია ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი „მოწყალების და“ შეიწირა ომმა, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი 19 წლის მარო მაყაშვილია, რომელიც ერთი საუკუნის წინ ფრონტზე ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.

ვინ იყვნენ „მოწყალების დები“?

ერთ-ერთი კვლევითი ცენტრი, რომელიც „მოწყალების დებზე“ ფოტომასალას ფლობს, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაა“. რამდენიმე წლის წინ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა უცნობი მოწყალების დის ალბომი, რომელიც, სავარაუდოდ, 1914-1918 წლებით თარიღდება და რუსეთ-ოსმალეთის ფრონტზე, სამხრეთ კავკასიაშია გადაღებული.

„ეს ფოტოები პირველი მსოფლიო ომის დროსაა გადაღებული და ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“. ცნობილია, რომ ის დაფუძნდა როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია — ომში დახმარებისთვის, ორგანიზაცია აპოლიტიკურია და დაარსებისას კონვენციას ვინც შეუერთდა, ყველა ქვეყანაში მოღვაწეობდა.

მართალია, ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო, მაგრამ მაშინ სახელმწიფოებიც ეხმარებოდნენ  მაქსიმალურად.

როგორც კონვენციის ხელმომწერს, რუსეთის იმპერიასაც ჰქონდა „წითელი ჯვრის საზოგადოება“ და მისი განყოფილებები, რომელიც ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით ყალიბდებოდა — ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს კავკასიის განყოფილებასთან,“ — უყვება ნეტგაზეთს Sovlab-ის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.

ხვადაგიანი გვიყვება, რომ „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ არაერთი ფუნქცია ჰქონდა, მათ შორის, დაჭრილების დახმარება, მათზე ზრუნვა, ჰოსპიტლების ორგანიზება, ევაკუაციისას გაჩენილი საჭიროებების მოგვარება, ასევე მებრძოლების დახმარება პირველადი მოხმარების საგნებით – „იქნებოდა ეს საჭმელი პროდუქტი, ტანსაცმელი თუ სხვა, რასაც შემოწირულობით იღებდნენ,“.

ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი

„რუსეთის იმპერიის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის ზაფხულში, უკვე „დამოუკიდებელი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ დაფუძნდა. მართალია, რუსეთის „წითელი ჯვირს“ კავკასიის განყოფილებას არ ჰქონდა დიდი სურვილი და ხალისი, რომ დაეთმო თავისი ინფრასტრუქტურა თუ მისი ქონება, მაგრამ ნაწილობრივ იძულების წესითაც კი , საქართველოს „წითელმა ჯვარმა“ ჩაიბარა ეს და უფრო აქტიურად განაგრძო ამ ტიპის ჰუმანიტარული საქმიანობის ორგანიზება.

1918-წლიდან 1921 წლამდე საქართველოში მუდმივი თავდაცვითი პერიოდი იყო და, რა თქმა უნდა, „წითელი ჯვარი“, მისი საექიმო ბრიგადები, მოხალისე-სანიტრებისა და „მოწყალების დების“ ჯგუფები მუდმივად იყვნენ ფრონტის ხაზზე, ეხმარებოდნენ დაჭრილებს“, – ამბობს ხვადაგიანი.

„ორგანიზაცია სრული დატვირთვით მუშაობდა 1921 წლის ომის დროსაც და როდესაც ევაკუაცია დაიწყო თბილისიდან და უკვე გადავიდა ფრონტი დასავლეთ საქართველოსკენ, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელთა ნაწილი — ექიმები და სანიტრები- დარჩა ოკუპირებულ თბილისში და გააგრძელა დაჭრილებზე ზრუნვა, ფრონტზე დაღუპული მებრძოლების მოძიება, გასვენება და დასაფლავება“.

ხვადაგიანი გვიყვება, რომ ომიანობის დროს, როდესაც დახმარების რაზმების მობილიზება ცხადდებოდა, „წითელ ჯვარში“ გასაწევრიანებლად სამედიცინო განათლება სავალდებულო არ იყო და არსებობდა გადამზადების ელემენტებიც, თუმცა „ორგანიზაციულად ვინც გამგეობაში შედიოდა, იყვნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, სამხედრო ექიმებიც“.

„ქალებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ ამ ორგანიზაციაში. მართალია, „მოწყალების დებში“, მხოლოდ ქალები არ წევრიანდებოდნენ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ომი განიხილებოდა როგორც უფრო კაცთა კონფლიქტი და დაპირისპირება და ძირითადი „საბრძოლო მასალა“ იყვნენ კაცები, ამ შემთხვევაში მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა გააკეთებინა ქალებს, ეს იყო ზუსტად სამედიცნო დახმარება“, — ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ის ასევე დასძენს, რომ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი „მოწყალების და“ გარდაიცვალა რუსეთ-საქართველოს ომის დროს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გარდაცვალება მარო მაყაშვილის იყო.

მარო მაყაშვილი „წითელ ჯვარში“ 1921 წლის 17 თებერვალს გაწევრიანდა — ის მოწყალების და იყო. ამავე დღეს სანიტარულ რაზმთან ერთად კოჯრისკენ წავიდა.

მარო მაყაშვილი. ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

„…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან — 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.

შენი მარო,“ — წერდა მარო მაყაშვილი მამას ფრონტიდან.

19 თებერვალს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მარო მაყაშვილი უნახავთ — ის მუხლებზე დაყრდნობილი ჭრილობას უხვევდა სტუდენტ პავლე ბეშკენაძეს. ამ დღეს ორივე მათგანი ფრონტზე დაიღუპა. 

მარო მაყაშვილის ნეკროლოგი. წყარო: civil.ge

საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოებამ, ფორმალურად, დაახლოებით 1923 წლამდე იარსება, სანამ საბჭოთა რეჟიმმა არ შეცვალა შემადგენლობა. ამის შემდეგ ორგანიზაცია ხდება „საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრისა“ და „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების“ ალიანსის წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი