ახალი ამბები

რადიკალიზმი და რადიკალიზაცია უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში — კალაძე

23 თებერვალი, 2021 • 1090
რადიკალიზმი და რადიკალიზაცია უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში — კალაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელიას დაკავების პროცესში არავინ დაშავებულა. თბილისის მოქმედი მერი ამბობს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ქვეყნის განვითარებისთვის რადიკალიზმი უნდა დასრულდეს.

“სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზეც ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს ერთმანეთისა და სახელმწიფოს უპატივცემულობას. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს.

ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში,” — აცხადებს კალაძე.

შსს-მ ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისის შტურმი დღეს, 23 თებერვლის დილას დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი