ICC ღარიბაშვილისთვის მისალოც მიმართვას აუქმებს – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ფადი ასლი Twitter-ზე წერს, რომ ორგანიზაციას წერილით უნდა მიელოცა ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრემიერად არჩევა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მომხდარის გამო, ისინი ამ წერილს აღარ გააგზავნიან. ფადი ასლის შეფასებით, ენმ-ის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანა და პარტიის თავმჯდომარის ასეთი გზით დაკავება საინვესტიციო კლიმატს აზიანებს:

“საერთაშორისო სავაჭრო პალატას (ICC) მომზადებული ჰქონდა პრემიერ ღარიბაშვილისთვის მისალოცი წერილი, თუმცა მისი რადიკალური და  კონფრონტაციული მიდგომების გამო, რომელიც სერიოზულად აზარალებს სამოქალაქო მშვიდობასა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს, ჩვენ ვაუქმებთ ამ მიმართვას.”

ICC-Georgia had prepared a letter of congratulations to PM Garibashvili, however due to his radical and confrontational approach that is seriously harming civil peace and the investment climate in the country, we are cancelling the letter.#Georgia

— Fady Asly ფადი ასლი (@fadyasly) February 23, 2021

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით უკვე წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისის შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.