დიდ დროს ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავზე თქვა, რომ დღესაც ამ ქვეყანაში დიდი დრო იკარგება დაპირისპირებაში.

პარლამენტის წინაშე ზურაბიშვილმა ქვეყნის მოსახლეობას მოულოცა დღევანდელი დღე. შემდეგ კი თქვა:

„დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში. წინსვლის გზა კი მხოლოდ ერთიანობასა და საერთო მიზნისაკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაშია. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ სამართლის ტრადიციებით, საქართველოს სხვადასხვა მხარეში განვითარებული სამართლის ისტორიული ადათ-წესებით.

ეს ტრადიცია ქმნის ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განსაკუთრებულობას. ეს ტრადიცია გრძელდება დღემდე. მინდა, გამოვხატო პატივისცემა ყველა კონსტიტუციონალისტის მიმართ. მათ მიმართ, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენი 1995 წლის კონსტიტუციის შექმნასა და შემდგომ მასში შეტანილი ყველა ცვლილების ჩამოყალიბებაში,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა შემდგომ განაცხადა, რომ ამაყია, რომ ეკუთვნის იმ ემიგრაციას – „რომელიც 1921 წლის კონსტიტუციით ცოცხლობა და ბოლომდე სწამდა მისი აღდგენისა. ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის და მისი პრინციპების ერთგულებაა,“.

საქართველოში პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს. საქართველოში დღეს მოქმედი კონსტიტუცია სწორედ 1921 წელს მიღებული კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა.

ტესტი – რამდენად კარგად იცნობ 1921 წელს მიღებულ კონსტიტუციას?