ახალი ამბები

ადვოკატები მელიაზე სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებენ, თუმცა წარმატების იმედი არ აქვთ

20 თებერვალი, 2021 • 762
ადვოკატები მელიაზე სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებენ, თუმცა წარმატების იმედი არ აქვთ

ნიკა მელიას ადვოკატები ენმ-ის თავმჯდომარის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ ეს განჩინება ცალკე არ საჩივრდება, თუმცა მას და მის კოლეგებს ეს განმარტება არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ.

“ჩვენ წარვადგინეთ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხდება გამოძიების ეტაპზე თუ არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, უნდა შეიძლებოდეს მისი გასაჩივრება.

ამიტომ, ჩვენ სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ და მიგვაჩნია, რომ მან უპირატესობა უნდა მიანიჭოს საქართველოს კონსტიტუციას. თუკი ის ფიქრობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, მაშინ გამოიყენოს კონსტიტუცია, როგორც უზენაესი სამართლებრივი აქტი და განიხილოს ჩვენი საჩივარი”, — აღნიშნა ადვოკატმა.

საძაგლიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ადვოკატების საჩივარს სათანადოდ არ განიხილავს. ჟურნალისტის კითხვას, მაშინ რა მიზნით ასაჩივრებენ საქალაქო სასამართლოს განჩინებას, დიმიტრი საძაგლიშვილმა უპასუხა:

“ბევრი მიზანი არსებობს. ერთი მიზანი, ცხადია, არის თუნდაც საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის დაფიქსირება, რომ ჩვენ გვინდა შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. მეორე მიზანი არის ის, რომ სასამართლოს ყველა ნაბიჯი, ყველა უარი იქნება მკაფიო დემონსტრირება იმისა, რომ ნიკა მელიას მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი