ახალი ამბები

ჟიგიმანტას პავილიონისი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

20 თებერვალი, 2021 • 769
ჟიგიმანტას პავილიონისი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ლიეტუვის სეიმის[პარლამენტის] საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისში მმართველი გუნდისა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი დღის პირველ ნახევარში ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან გამართული შეხვედრების მსგავსად, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს შეეხო.

ლიეტუველი დეპუტატი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შესახვედრად საქართველოს პარლამენტში მივიდა. ის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებს ესაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, შეხვედრაზე ნიკა მელიას საქმის სამართლებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობას შეეხნენ.

თავად პავილიონისმა კვლავ გაიმეორა, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა საერთო ენა უნდა გამონახონ, “სანამ გვიანი არ არის”.

“მიმაჩნია, რომ ყველაფერი თქვენს ხელთაა. ვფიქრობ, თქვენს პრობლემებს თუ შევადარებთ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, ყველაფერი მარტივად გამოჩნდება. შესაძლოა, ყველაფერი დაკარგოთ. ასე რომ, ან ლიეტუვის გზით მიდიხართ, ან ბელარუსის გზით.

თუ ლიეტუვის გზით გინდათ წასვლა, გაერთიანდით, სანამ გვიან არ არის. მერე, როცა ქუჩებში ერთი ქვეყნის ტანკებს დაინახავთ, გვიან იქნება. პრობლემა ახლა ისაა, რომ დღეს რუსეთს ტანკები საერთოდ არ სჭირდება. თქვენ თავად ჩხუბობთ ერთმანეთში და ესაა საუკეთესო საჩუქარი, რომელსაც პუტინს აძლევთ.

მე ახლა არ მინდა ცალკეული არგუმენტების შესახებ საუბარი. ახლა მთავარია, ხიდების შენება დავიწყოთ”, — აღნიშნა დეპუტატმა. კომენტარის თარგმნას “მთავარი არხი” ავრცელებს.

პარლამენტიდან ჟიგიმანტას პავილიონისმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გადაინაცვლა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.

“ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ამ კრიზისის დაუყოვნებლივი მოგვარებისთვის უნდა მოხდეს ნიკა მელიას საკითხის დაუყოვნებლივი გადაწყვეტა… ამის პარალელურად, გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური ანგარიშსწორების დამთავრება და პარალელურად, მოლაპარაკებების დაწყება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით”, — თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა.

თავად პავილიონისმა შეხვედრის იმედი გამოთქვა, რომ 21 თებერვალი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის დღეა, “იქნება გაერთიანების და დიალოგის დღე და მთავრობა და ოპოზიცია გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს”.

აღნიშნულს წინ უძღოდა ლიეტუველი დეპუტატის ინდივიდუალური შეხვედრები “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებთან. მან მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა და ლიეტუვის გამოცდილებაზე დაყრდნობით თქვა:

“ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ. გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტეთ სასამართლო საქმეები, რომლებიც დიალოგს ხელს არ შეუწყობს და დაიწყეთ ხიდების აგება მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ”, — აღნიშნა მან.

ლიტვური მედიის ინფორმაციით, პავილიონისის თბილისში ვიზიტი ლიეტუვის სეიმის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა და მისი მიზანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულების ხელშეწყობაა. Baltic Times-ის ცნობით, პანდემიის თანმდევი რეგულაციებიდან გამომდინარე, ლიეტუველ კანონმდებლებს საზღვარგარეთ ვიზიტები აკრძალული აქვთ, თუმცა ამ შემთხვევაში, გამონაკლისი დაუშვეს.

თქვენი არჩევანია: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან ბელარუსის გზით — ლიეტუველი დეპუტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი