ახალი ამბები

ახალი კვლევით “ფაიზერის” პირველი დოზის ეფექტურობა 85%-ია |კოვიდ 19

19 თებერვალი, 2021 • 1359
ახალი კვლევით “ფაიზერის” პირველი დოზის ეფექტურობა 85%-ია |კოვიდ 19

ისრაელში ჯანდაცვის მუშაკებზე ჩატარებულის კვლევის მიხედვით, Pfizer-ისა და BioNtech-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინის პირველი დოზა 85%-იან ეფექტურობას აჩვენებს. ამასთან, მწარმოებელი კომპანიები ამბობენ, რომ აქვთ ახალი მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ვაქცინის შენახვისთვის ძალიან დაბალი ტემპერატურა საჭირო აღარ იქნება.

მაღალი ეფექტურობა პირველი დოზის შემდეგ

“ფაიზერის” ვაქცინით სრულყოფილად აცრისთვის ორი დოზის ინექციაა საჭირო. თუმცა სამედიცინო ჟურნალში “Lancet” გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ისრაელის უდიდეს საავადმყოფოში ჩატარდა, აჩვენებს, რომ ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემდეგ, 15-დან 28 დღემდე პერიოდში, ვაქცინის ეფექტურობა 85%-ია.

კვლევაში მონაწილეობა 9 000-მა მუშაკმა მიიღო. საერთო ეფექტურობის მაჩვენებელი, უსიმპტომო შემთხვევების ჩათვლით, 75%-ს შეადგენს.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებლი ამსუბუქებს ვითარებას იმ ქვეყნებში, სადაც მწირი რესურსებიდან და ვაქცინის დოზების სიმცირიდან გამომდინარე, ორჯერადი აცრის მეორე ეტაპის დაგვიანების შესაძლებლობა არსებობს. მათივე თქმით, შესაძლებელი გახდება მოსახლეობის უფრო დიდი რაოდენობის მოცვა მხოლოდ პირველი დოზით.

თუმცა ავტორები ხაზგასმით ამბობენ იმასაც, რომ საჭიროა გრძელვადიანი დაკვირვება, რათა პირველი დოზის ეფექტურობა დამტკიცდეს. ხსენებული სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი გილი რეგევ-იოჩაი დასძენს, რომ კვლევის მონაწილეები უმეტესად ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ, ვინაიდან დაწესებულებაში 65+ მუშაკების რაოდენობა მცირეა.

ამ დროისთვის დადგენილი პროტოკოლით, “ფაიზერის” ვაქცინით პირველი აცრიდან  მეორემდე 21-დღიანი ინტერვალია გათვალისწინებული.

თავად “ფაიზერმა” კვლევის შედეგებზე კომენტარი არ გააკეთა. კომპანიამ მხოლოდ ის თქვა, რომ თავად აწარმოებს კვლევებს ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

ვაქცინის შენახვა უფრო მაღალ ტემპერატურაზე

მწარმოებელი კომპანიების ახალი მონაცემებით, შესაძლოა, ვაქცინას აღარ დასჭირდეს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შენახვა: ამაზე მიუთითებს კომპანიების ახალი კვლევების შედეგები, რომლებიც აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს უკვე წარუდგინეს. ამ უწყებების თანხმობის შემთხვევაში, ვაქცინის შენახვის პირობები შეიცვლება, რაც მეტად გააადვილებს მის გამოყენებასა და ტრანსპორტირებას.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, ვაქცინა შეიძლება ინახებოდეს ნორმალურ სამედიცინო საყინულეში,   -15°C-დან -25°C ტემპერატურმდე, მაშინ, როცა ამჟამად აღნიშნული ვაქცინის შესანახად საჭირო ტემპერატურა -60°C  -80°C-ს შორის მერყეობს.

Pfizer-ისა და BioNtech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა იყო პირველი, რომლის გამოყენებაზეც დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ევროკავშირმა თანხმობა გასცეს. ის ეფექტურობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, თუმცა მისი შენახვისთვის საჭირო განსაკუთრებული პირობები, არაერთ შემთხვევაში, პრობლემებს ქმნიდა. მაგალითად, საქართველოს სულ სამ დიდ ქალაქში არსებობს მაცივრები, რომლებიც აღნიშნული ვაქცინის შესანახად გამოსადეგია.

“Financial Times” ციტირებს კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელ დირექტორს, უიღურ შაჰინს, რომელიც აღნიშნავს, რომ ვაქცინის უფრო მაღალ ტემპერატურაზე შენახვის შესაძლებლობა ვაქცინაციის ცენტრებისთვის “მეტ მოქნილობას” უზრუნველყოფს. მისივე განცხადებით, მწარმოებელი კომპანია განაგრძობს მუშაობას, რათა ვაქცინის ტრანსპორტირება და გამოყენება კიდევ უფრო გამარტივდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი