ახალი ამბები

ვაპირებ ოფისიდან გასვლას და ამას წინ ვერაფერი დაუდგება, — მელია

19 თებერვალი, 2021 • 924
ვაპირებ ოფისიდან გასვლას და ამას წინ ვერაფერი დაუდგება, — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, აპირებს, ოფისიდან გავიდეს და მიიღოს მონაწილეობა როგორც პოლიტიკურ, ისე სხვა აქტივობებში.

ბოლო რამდენიმე დღე მელიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გაატარა. ენმ-ის თავმჯდომარის მსგავსად, 17 თებერვალს სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რომლებიც ნიკა მელიასთან ერთად ოფისში რჩებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას, ფიზიკურად დაეცვათ ის.

თუმცა, 19 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიება გადადო.

“ვმუშაობ, ვცხოვრობ, მანამდეც არაერთი ღამე გამითენებია ოფისში, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ნორმალურად იმუშაო. ვითარება არ არის ორდინალური, რაღა დაგიმალოთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მივიღებ მონაწილეობას იმ აქტივობებში, რომელიც გაიმართება ოფისის მიღმა”, – თქვა მელიამ 19 თებერვალს “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

კითხვას, აპირებს თუ არა, მონაწილეობა მიიღოს რუსთაველის გამზირზე 25 თებერვალს დაგეგმილ აქციაში, ნიკა მელია პასუხობს:

“არამარტო რუსთაველზე. იქნება ეს გლდანი თუ თბილისის სხვა რაიონები, ვაპირებ, მივიღო მონაწილეობა ფიზიკურად.

…შაბათს პანაშვიდზეც უნდა მივიდე აუცილებლად, ერთ-ერთი ახლობლის. გასვლას ვაპირებ ოფისიდან და ამას წინ ვერაფერი დაუდგება, ვერც ირაკლი ღარიბაშვილის და ვერც ფარცხალაძის დანიშვნა”.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომის მიზეზებზე საუბრისას თქვა, რომ არ ეთანხმებოდა მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს შექმნიდა ქვეყანაში.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე “ქართულმა ოცნებამ” გახარიას მიერ პოსტის დატოვებიდან რამდენიმე საათში ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

ღარიბაშვილი: ძალიან მოკლე დროში აღვადგენთ წესრიგს

მასალების გადაბეჭდვის წესი