ახალი ამბები

გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

18 თებერვალი, 2021 • 1878
გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

“გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას” – გიორგი გახარია პრემიერის პოსტის დატოვებას ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობით ხსნის.

გახარიამ გადადგომის შესახებ დღეს, 18 თებერვალს ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება]  უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე” ,- თქვა გახარიამ. 

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.

“ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი.

დღეს, განსაკუთრებით, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია თვითონ ქვეყნის განვითარებისა და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების და შემდგომ ქვეყნის განვითარების და მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად დღეს ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და, რაც მთავარია, პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს. ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და არ იარსებებს არანაირი რისკი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილიბისა არცერთი ჩვენი მოქალაქის და არ შექმნის ქვეყანაში ესკალაციის საბაბს. აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ მე ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს, ამ საკითხზე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე”, – თქვა გიორგი გახარიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფება ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში და პოლიციისთვის ჩაბარებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი